თოვლის გამო, ბახმაროში 200-მდე ადამიანია ჩარჩენილი, მათ გამოსაყვანად გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
თოვლის გამო, ბახმაროში 200-მდე ადამიანია ჩარჩენილი, მათ გამოსაყვანად გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ბახმაროში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ბახმაროში იმყოფება 200-მდე ადამიანი, რომლებიც უამინდობისა და თოვლის გამო, გამოსვლას ვერ ახერხებენ.

მისივე თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეები ბახმაროში არაშესაბამისი ავტოსატრანსპოროტო საშუალებებით ავიდნენ.

„გუშინ და გუშინწინ ბახმაროში ავიდნენ ჯგუფები არაშესაბამისი ავტოსატრანსპოროტო საშუალებებით. მიუხედავად გაფრთხილებისა და გზაზე შესაბამისი ტრაფარეტებისა, ისინი მაინც ავიდნენ ბახმაროში. საუბარია დაახლოებით 150-200 ადამიანზე. ახლა ვაწარმოებთ საწვავის შეტანას. გზა მალე გაიწმინდება და მოხდება ამ ადამიანების გამოყვანა“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ, რომელიც იმყოფება ბახმაროს გზის 33-ე კილომეტრზე, სადაც მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება გზის გასაწმენდად და იქ ჩარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად.