ბაჰამაში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
ბაჰამაში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მოსალოდნელია, მსხვერპლის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ამ დრომდე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები კუნძულოვანი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის შედეგად ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი წარმოიქმნა. ბაჰამაში გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება 70 ათას ადამიანს სჭირდება
ქარიშხალი „დორიანი“ ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მძვინვარებს. სტიქიამ ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ტორნადოც გამოიწვია. შედეგად კი, ასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სანაპირო ზოლში მდებარე ქალაქებში კი დასახლებები დაიტბორა. აშშ-ის ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორიებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია ჯერ კიდევ ქარიშხლის მიახლოებამდე განახორციელა.