ბაგრატიონებს შორის სასამართლო დავაზე დღეს პროცესი გაიმართება
ბაგრატიონებს შორის სასამართლო დავაზე დღეს პროცესი გაიმართება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების სარჩელის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება. სხდომაზე აკადემიკოსების როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოიკითხვა იგეგმება.

იურიდიულ კომპანია „სამართლის გზაში“, რომელიც ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური სასამართლოზე სპეციალისტების სტატუსით არიან მიწვეულები.

„დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი“, – აღნიშნავენ იურიდიულ კომპანიაში „სამართლის გზა“.

სასამართლო დავის თემაზე გუშინ კომენტარები გააკეთეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების ინტერესების დამცველებმა.

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის, ლევან გორელაშვილის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ლევან ჩხეიძის თქმით, ბაგრატიონ-გრუზინსკები სასამართლო დავით ცდილობენ, აღიარება მოიპოვონ, თუმცა გენეალოგია არ აქვთ შესაბამისობაში.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას“ ედავებიან.

საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.