ბაღებისა და სკოლების მიერ ექსკურსიების ორგანიზებისას, მძღოლი ვალდებული იქნება, თან იქონიოს ნარკოლოგიური შემოწმების და ბოლო ექვს თვეში გაცემული ტექინსპექტირების ცნობა
სკოლამდელი დაწესებულებებისა და სკოლების მიერ ექსკურსიების ორგანიზებისას სავალდებულო მოთხოვნები მკაცრდება. პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით, 73 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ექსკურსიის ორგანიზებისთვის აუცილებელია, ამავე დაწესებულების დირექტორმა გასცეს სამართლებრივი აქტი, სადაც უნდა მიეთითოს ექსკურსიის ორგანიზატორი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგის) ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებში გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, ასევე, მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში.
ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, თან იქონიოს:
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, ასევე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;
სკოლის/ბაღის დირექტორის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტი, სადაც მითითებულია ექსკურსიის ორგანიზების დეტალები.
კანონპროექტის თანახმად, აუცილებელია, რომ მძღოლის მიერ შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლების მოპოვებიდან ხუთი წელი მაინც იყოს გასული.
ექსკურსიის ფარგლებში, იკრძალება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში იმაზე მეტი სავარძელი განთავსდეს, ვიდრე ქარხნულად არის გათვალისწინებული. ამასთან, მგზავრობისას ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს.
ექსკურსიის ფარგლებში, იმ მგზავრის გადაყვანისას, რომელიც შშმ პირია, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საჭიროება.
ექსკურსიის ფარგლებში, მგზავრებს უნდა ახლდეს ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი (აღმზრდელ-პედაგოგი, მასწავლებელი, ექსკურსიის ორგანიზატორი და ა.შ.). იგი პასუხისმგებელია მათ მიერ უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობისათვის.
თუ ექსკურსიის ფარგლებში გასავლელი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელსაც მძღოლის მსგავსად, ბოლო ერთ თვეში ასევე გავლილი უნდა ჰქონდეს ნარკოლოგიური შემოწმება და მართვის მოწმობის აღებიდან გასული უნდა იყოს სულ ცოტა ხუთი წელი.
ექსკურსიის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა სათანადო შიგთავსით.
ცვლილებები შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“, რომლის თანახმად, მძღოლის და/ან ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგის) მიერ ზემოჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი – 400 ლაირით.
კანონპროექტი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი