BageBee-ის მეფუტკრეობის ცენტრში მეფუტკრეებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს
მეფუტკრეობის მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრ Bagebee-ში მეფუტკრეებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს.
მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი 2021 წლის ივლისში ოფიციალურად გაიხსნა და ამ დღის შემდეგ აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეობის სფეროში სიახლეების დანერგვისა და განხორციელებისთვის. ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, People in Need საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორასა“ და თბილისის მერიის პარტნიორობით.
ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საგანმანათლებლო კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ბაგების მეფუტკრეობის ცენტრისთვის სამ სხვადასხვა დონის მოდული შეიქმნა. ეს მოდულები განკუთვნილია სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მეფუტკრეებისთვის რომ შეძლონ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკის გაღრმავება და მეფუტკრეობის დარგში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.
8-12 ოქტომბერს, BageBee-ის მეფუტკრეობის ცენტრში მიმდინარეობს საპილოტე ტრენინგკურსი BageBee-ის ტრენერებისა და სხვადასხვა მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. ტრენინგში მონაწილე მეფუტკრეებს აქვთ საშუალება გაეცნონ შემდეგ თემებს: ექსპორტი და რეგულაციები; სურსათის უვნებლობის სტანდარტები; ფუტკრის პროდუქტები: ფუტკრის რძისა და შხამის წარმოება, ფუტკრის მტვრისა და ჭეოს აღება თაფლის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტების წარმოება. ტრენინგ-კურსის განმავლობაში, მონაწილეებს აქვთ საშუალება სიღრმისეულად შეეხონ ტრენინგის თითოეულ თემას, დისკუსიის ფორმატში მიიღონ მონაწილეობა და გაიზიარონ არსებული საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება. BageBee-ის ცენტრში არსებული გამართული ინფრასტრუქტურა, აპითერაპიის კაბინეტი; ფუტკრის შხამის მიღების და ფუტკრის რძის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები აძლევს ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას ადგილზე მიიღონ პრატიკული გამოცდილება. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, ჩატარდა სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტი ბაზალეთში მდებარე ვლადიმერ ვარდოსანიძის საფუტკრე მეურნეობაში. მონაწილეებმა აქ განახორციელეს მეურნეობაზე დაკვირვება, ფუტკრის რძესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა. მეფუტკრეებისთვის საპილოტე ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ გამიზნულია მსგავსი ტრენინგკურსის ჩატარება უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის. მსურველებს შეეძლებათ, მონაწილეობის სურვილი დააფიქსირონ სპეციალური აპლიკაციით, რომელიც გავრცელდება ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდისა“ და BageBee-ის მეფუტკრეობის ფეისბუქგვერდების საშუალებით.