ბაგა-ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილს“ თბილისის მერია ვადას 20 მაისამდე აძლევს
თბილისის ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია „ნილს“ თბილისის მერია მდგომარეობის გამოსასწორებლად დროს 20 მაისამდე, ორშაბათამდე აძლევს.
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ გადაცდომებს. იყო შემთხვევები, როცა ბაღებში პროდუქტის მიტანა დაგვიანდა ან საერთოდ არ მიუტანიათ.
ელოშვილის თქმით, ორშაბათს მცირედი გადაცდომის შემთხვევაშიც კი, კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდება.
როგორც კალაძის მოადგილე აცხადებს, თბილისის მერიისთვის საბავშვო ბაღები და ზოგადად, საბავშვო კვება უმთავრესი პრიორიტეტია.
„სწორედ ამ მიზნით შევცვალეთ მენიუ და მოვარგეთ საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე გავითვალისწინეთ „იუნისეფის“ ყველა რეკომენდაცია და მთავრობის დადგენილება. წლის დასაწყისში გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია „ნილმა“ და წლის განმავლობაში ის ახორციელებდა საბავშვო ბაღების მომარაგებას საკვები პროდუქტით. ჩვენი მხრიდან ჰქონდათ სრული მხარდაჭერა, მაგრამ ამასთანავე, ძალიან სერიოზული მონიტორინგი, რომ პროდუქცია ყოფილიყო ხარისხიანი, მიწოდება დროული და პორციები ადეკვატური. ჩვენ ვამოწმებდით მათ მერიის შიდა აუდიტის საშუალებით, ამოწმებდა საკრებულო, სურსათის ეროვნული სააგენტო და ბაღების სააგენტოს მონიტორინგი“, – განაცხადა ელოშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად მცირე ხარვეზების, რასაც რეაგირება მაშინვე მოხდა, საქმიანობაში ისეთი საგანგაშო არაფერი გამოკვეთილა, რომ მერიას ხელშეკრულება გაეწყვიტა.
„ამას ვერ ვიტყვით ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს, რაც გამოიხატება რიგ შემთხვევაში, პროდუქტის მიწოდების დაგვიანებით, ხოლო ხშირ შემთხვეებში, საერთოდ არ მიტანით. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შიდა რესურსი, ნაშთები და ასევე კომპანია „ნილმაც“ იზრუნა, რომ მომხდარიყო შესაბამისი პროდუქტების ჩანაცვლება შიდა ნაშთებიდან იმგვარად, რომ ამ ფაქტებს გავლენა არ ჰქონოდა ბავშვების კვებაზე. ამ კვირის განმავლობაში, ბავშვები იკვებებოდნენ ისე, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ და იყო ხარისხიანი კვება, თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს რეჟიმში დიდი ხანი ვერ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
მისი თქმით, მერია აკვირდებოდა კომპანიას კვირის განმავლობაში, თუმცა გაუმჯობესება ვერ შენიშნა.
„შესაბამისად დღევანდელი გაფრთხილება არის ბოლო მათ მიმართ. ორშაბათს დილიდან მცირედი გადაცდომაც კი, მიუხედავად იმისა, რა დოზით და რა გადაცდომა იქნება, დაუყოვნებლივ გამოიწვევს რეაგირებას და მათთან ხელშეკრულების გაწყვეტას“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.