ბადრი ვადაჭკორიას მიერ გადაღებული კულტურული მემკვიდრეობის 25 ძეგლის ფოტომასალა ეროვნული ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში გამოიფინა
ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის ახალი პროექტი – ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში. უნიკალური ძეგლებისა და ისტორიული მემკვიდრეობის ამსახველი ნამუშევრები საექსპოზიციო სივრცეშია გამოფენილი.
ბადრი ვადაჭკორიამ საქართველოს მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის 25 ძეგლი კიდევ ერთხელ კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში გადაიღო. ეროვნული ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელი ფოტოგრაფის მიერ შერჩეულ 50 ფოტოს დღეიდან სამი დღის განმავლობაში ნახავს.
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ბადრი ვადაჭკორია სამინისტროს შეთანხმებით გათვალისწინებულზე ბევრად მეტ ფოტოს გადასცემს, რომლებიც საქართველოს კულტურულ ძეგლებს ასახავს.
„თუკი სამინისტროს არქივს უნდა ჩაბარებოდა 500-მდე ფოტოგრაფიული მასალა, ის აბარებს 1000-ზე მეტ უნიკალურ ფოტომასალას, რომლებიც წლებს გაუძლებს და ჩვენს მომავალ თაობებს დაეხმარება, ნახონ, რომელი კედლის მხატვრობა როგორ გამოიყურებოდა 2021 წელს და როგორი იყო ამა თუ იმ ძეგლის გარეგნული მხარე თუ ინტერიერი. კიდევ ოთხი ფოტოგრაფი იყო პროექტის გამარჯვებული და ისინიც ეტაპობრივად, წლის ბოლოსთვის აბარებენ სამინისტროს თავიანთ ნამუშევრებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი აუცილებლად გაგრძელდება.