ბადრი ჯაფარიძე - ჩემი აზრით, გახარიას ეშინია იმის, ვინც მუქარის შემცველი წერილის ჩვენთვის გადმოცემა დაავალა
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი გახარიასგან გადაეცა პირადად მას, თუმცა წერილის ადრესატი ასევე იყო მამუკა ხაზარაძე.
მისივე თქმით, წერილი, ისევე როგორც ბრიტანეთის ლაბორატორიის მიერ გამოგზავნილი თითის ანაბეჭდები პროკურატურას აქვს გადაცემული.
ჯაფარიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია არ იხდის ბოდიშს ამის გამო და საზოგადოებას სიმართლეს უმალავს. ბადრი ჯაფარიძის აზრით, გახარიას ეშინია იმის, ვინც წერილის მათთვის გადაცემა დაავალა.
„არაფერი სიახლე მე არ მითქვამს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არანაირი შუამავალი არ არსებობდა, ეს იყო ჩვენთვის გადმოცემული წერილი, ჩვენთვის გადმოცემა ნიშნავს იმას, რომ ვიყავით ადრესატები მე და მამუკა, მან წერილი გადმომცა პირადად მე, მაგრამ რადგანაც ადრესატები ვიყავით მე და მამუკა, მე ხაზს ვუსვამდი, რომ ეს იყო წერილი, რომელიც გადმოგვეცა ჩვენ გახარიასგან.
სად და როგორ შევხვდით, ეს უკვე უნდა გადაამოწმოს პროკურატურამ და არა ჟურნალისტებმა, მაშინ პროკურატურის ფუნქცია რაღა არის? პროკურატურას აქვს გადაცემული წერილი, ასევე ბრიტანეთის ლაბორატორიის მიერ გამოგზავნილი თითის ანაბეჭდები. წელიწად ნახევრის განმავლობაში ჰქონდათ ყველა შესაძლებლობა, რომ თუნდაც მე ან მამუკა გამოვეძახებინეთ, დაესვათ კითვები, რომლებზეც ჩვენ ამომწურავ პასუხს გავცემდით.
არაფერი სიახელე მე გუშინ არ მითქვამს, იგივეს ვიმეორებდი ადრეც, ეს არ არის ახალი ინფორმაცია. ბატონმა გახარიამ გადმოგვცა წერილი, რომელიც შეიცავდა მუქარას, სამწუხაროა, რომ ის ამას არ აღიარებს. გუშინდელი განცხადება მოჰყვა მის კიდევ ერთ ტყუილს, თითქოს ეს წერილი არ არსებობდა.
წერილი გადმომეცა გახარიას მიერ და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მაგიდაზე იყო წერილი, ხელში გადმომცა, რა ადგილზე იყო, რომელ საათზე, ეს არის პროკურატურის დასადგენი. სამწუხაროა, რომ ის არ იხდის ბოდიშს ამის გამო და საზოგადოებას არ ეუბნება სიმართლეს. ჩემი აზრით, ვინც დაავალა ამ წერილის გადმოცემა, იმის ეშინია, დიდი ეჭვი მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ის არის ივანიშვილის მიერ შემოყვანილი პოლიტიკაში, და რა თქმა უნდა, მის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
წერილის შესახებ პირველად 2019 წლის 4 მარტს ისაუბრა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან იყო.