საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, რომ მე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი ვართ ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯაფარიძის შეფასებით, ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული ახალი რეპრესიული ღონისძიება.
„ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ბრიტანელი კოლეგები ცხადია, ამას იღებენ სერიოზულად და ვერც წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. ეს მცდელობა, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რომლებიც სამწუხაროდ აგრძელებენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში. ამისთვის გამზადებული იქნა უკვე სასამართლოების მიერ დამტკიცებული ყადაღის გადაწყვეტილება, რადგან სასამართლოს, იმის ნაცვლად, რომ გადაემოწმებინა პროკურატურის მოთხოვნა, არის თუ არა რამე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ფინანსური სახსრები უკანონოა, პირდაპირ ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა და ეს იქნება გადაგზავნილი ბრიტანეთში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ბრიტანეთის შესაბამის სამსახურებთან.
„მინდა, აქვე ვთქვა, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან. მზად ვართ, თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება დავადასტუროთ და ვაჩვენოთ. რახან ასეთი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას. გვინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს მათი საფუძვლიანობისა და მიზნების მიმართებაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ვამხილოთ ყველა ის სამსახური, ვამხილოთ ყველა ჩვენი მეგობარი საელჩოს დახმარებით, რომელიც გამოიყენება, ჩვენი აზრით, სრულიად კრიმინალური ხასიათის ქმედებების განხორციელებაში“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ მოუწდა პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და მათ მიმართ ბრალდების შესწავლაში.
„ჩვენ ვაპირებთ, გადავადგათ ნაბიჯები იმდაგვარად, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვა ჩვენს საზოგადოებაში ან საერთაშორისო საზოგადოებაში ამ საქმის მიზეზებთან, შინაარსთან მიმართებაში. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების – გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საელჩოს, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული მთლიანად ამ პროცესში. ყველაზე დიდი იარაღი, რაც ჩვენ გვაქვს, არის სიმართლე და გამჭვირვალობა. უფრო მეტიც, ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმ კრიმინალური და უსაფუძვლო ბრალდების შესწავლაში, რაც ჩვენს მიმართ იქნა წარმოდგენილი. ძალიან პრინციპულია, რომ არ შევხედოთ ამ საქმეს, როგორც რუტინულ საქმეს, არამედ შევხედოთ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს, არ დავუშვათ პროკურატურის, სასამართლოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყენება პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნის ინსტრუმენტად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გამოვრიცხოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, შესაბამისად, აუცილებელია, მეგობარი ქვყენები იყვნენ ჩართული ამ საქმეში ძალიან აქტიურად.
„ვაპირებთ გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ჩვენი მხრიდან. მინდა, გითხრათ, რომ არ გვეშინია, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ვაპირებთ, გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ შეიცალოს რეალობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, რომელიც არის მიუღებელი და, რომელიც კლავს ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარძემ ბრიფინგზე.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წაუყენეს. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმეზე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 -700 000 ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული.