ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თვითონ ხდება სანქციების ობიექტი. ამიტომ ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სანქციები ფინანსურ სექტორთან მიმართებით ზედმიწევნით სრულდება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ბადი ჯაფარიძემ აღნიშნული კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილის შეფასებისას, სადაც ნათქვამია: „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად“.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, წამყვანი ინსტიტუტები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რეგულირდება დიდი ბრიტანეთის რეგულატორის მხრიდან და ვალდებული არიან, სანქციებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება შეასრულონ.
„პრობლემა რაში მდგომარეობს იცით? პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ ვუერთდებით სანქციებსო. მაშინ ის კი არ უთქვამს, ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთო, არამედ თქვა, რომ არ ვუერთდებით სანქციებსო, ანუ ტყუილი თქვა. მაგაშია საქმე. რატომ თქვა ტყუილი? თორემ ორმხრივი სანქციები რომ ეთქვა, გასაგებია. არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქცია და თქვა, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, ამ დროს ჩვენ შევუერთდით სანქციებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ იმ სანქციების შესაბამისად, რომლებიც დაწესებულია რუსეთის მიმართ. იგულისხმება კონკრეტული პირების, რუსული ინსტიტუციების მიმართ. თავისთავად ნათელია, რომ წამყვანი ინსტიტუტები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ქვეყანას ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რეგულირდება დიდი ბრიტანეთის რეგულატორის მხრიდან. შესაბამისად, ისინი ვალდებული არიან, შეასრულონ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება სანქციებთან მიმართებით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საკითხზე საუბრისას ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრობლემას წარმოადგენს პრემიერის განცხადება, რომ ქვეყანა არ უერთდებოდა სანქციებს. მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან წერილობით, გარკვევით უნდა იყოს ნათქვამი, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტის მიზნებისათვის.
„პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის დროზე განაცხადა, რომ ქვეყანა არ უერთდებოდა სანქციებს და თქვა ტყუილი. ეს ტყუილი შემდეგ სიამოვნებით აიტაცა რუსულმა მედიამ და თქვა, რომ აი, საქართველოც არ უერთდება სანქციებს, რომლებიც დაწესებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. როგორც ჩანს, ეს განცხადება სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ შემდეგ რუსულ მედიას აეტაცებინა და სიხარულით ეცნობებინა თავისი მოსახლეობისთვის ის ტყული, რომელიც თქვა საქართველოს პრემიერმა.
ნებისმიერი ქვეყანა, რომელის არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თვითონ ხდება სანქციების ობიექტი. ამიტომ ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სანქციები ფინანსურ სექტორთან მიმართებით ზედმიწევნით სრულდება. ჩვენ გვჭირდება უმნიშვნელივანესი ნაბიჯი, რომ იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის მიერ ფორმალიზებული, წერილობითი, რომელიც გამორიცხავს ქვეყნის გამოყენებას სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტის მიზნებისათვის.
ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სიტყვიერი, როგორც ამბობს საქართველოს მთავრობა, არამედ წერილობითი. გარკვევით უნდ იყოს ნათქვამი და ჩამოთვლილი ის პროდუქცია, რომელიც არ შეიძლება, იყოს რეექსპორტირებული რუსეთში საქართველოს გავლით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კიდევ ერთ ნაწილზე, სადაც ნათქვამია: „მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება“.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები ატყუებენ საზოგადოებას, როდესაც ამბობენ, რომ როგორც ქვეყანამ, კანდიდატის სტატუსი თითქოს იმიტომ არ მივიღეთ, რომ ვიღაცას უნდოდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს არის ურცხვი ტყუილი. სინამდვილეში, კანდიდატის სტატუსი იმის გამო არ მიიღო საქართველომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფეხქვეშ გათელა შარლ მიშელი და შეერთებული შტატების ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება. მეორე, უგულებელყო მოწოდებები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნების შეჩერების შესახებ, უგულებელყო მოწოდებები მართლმსაჯულების რეფორმების აუცილებლობაზე. დაარღვია და არ შეასრულა ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება და ამის გამო ქვეყანამ დაკარგა 300 მილიონი ლარი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც, რაზეც საუბარია ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია: „საქართველოს მთავრობა აცხადებს თავისი მზადყოფნის შესახებ, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, თუმცა ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა“.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყანას განსაკუთრებული შესაძლებლობა დააკარგვინა.
„ქართული ოცნების“ ძალისხმევით ანაკლიის პორტი გაჩერებულია და ქვეყანა კარგავს უზარმაზარ შემოსავლებს. ახლა ეს ვითომ მცდელობა, რომ დაიქირაონ კონსულტანტი, არის სახელმწიფო თანხების ფლანგვა და მოჩვენებითი პროცესის შექმნის მცდელობა. სხვას არაფერს ემსახურება გადაწყვეტილება. ამიტომ ცხადია, „ქართული ოცნების“ კისერზეა გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა განსაკუთრებული შესაძლებლობა. ჯერჯერობით რა თქმა უნდა, არავითარ ტენდერზე, მშენებლობაზე საუბარი არ არის, რადგან ვერ გამოცხადდება იმ პირობებში, როდესაც 70 მილიონი ინვესტიცია არის მიტაცებული სახელმწიფოს მიერ. არავინ ასეთ პროექტს ხელს არ მოკიდებს იმის გამო, რომ იციან, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა ამ პროექტს და მიიჩნევს რა „ქართულ ოცნებას“, როგორც დამნაშავეს ამ პროექტის შეჩერებაში. ახლა ეს ნაბიჯები ემსახურება მათი შელახული იმიჯის გამოსწორებას, ვითომდა მართლაც რაღაც ინტერესი აქვთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.