ბადრი ჯაფარიძე - „აიფიემისთვის“ დაკვეთილ კვლევაზე ირაკლი კობახიძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და ამომრჩევლის დაშინებას ემსახურება
კობახიძის განცხადება ემსახურება მიზანს, რომ შეიტანოს ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში კიდევ ახალი დაძაბულობა, დააშინოს ამომრჩეველი, დააშინოს ადამიანები რაღაც სრულიად არარსებული, აბსურდული რაღაც ამბოხის რისკის თაობაზე, – ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
საუბარია განცხადებაზე, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ „აიფიემისთვის“ დაკვეთილი კვლევა, სადაც კითხვაზე – პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ – მოქალაქეებს ერთ-ერთ ასარჩევ პასუხად შესთავაზეს – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება.
ამასთან, როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, მიუღებელია, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებენ, თითქოს ისინი ოპოზიციასთან არიან აფილირებული.
„ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან, რომელიც ემსახურება მიზანს, რომ შეიტანოს ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში კიდევ ახალი დაძაბულობა, დააშინოს ამომრჩეველი, დააშინოს ადამიანები რაღაც სრულიად არარსებული, აბსურდული ამბოხის რისკის თაობაზე.
ჩემი აზრით, ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია, რასაც ბოლო დღეებში ახორციელებს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები. ვგულისხმობ მათ განცხადებებს, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება, თითქოს ისინი არიან აფილირებული ოპოზიციასთან და ისინი გააყალბებენ არჩევნების დღეს არარსებულ ფაქტებს და წარმოაჩენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც დაინტერესებულს დესტაბილიზაციაში, რაც არის სრული აბსურდი. დღეს კიდევ მორიგი, ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება ვნახეთ.
პირიქით, მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს იყვნენ მშვიდად, მშვიდად მივიდნენ არჩევნებზე, გავისტუმროთ ეს სრულიად უპასუხოსმგებლო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს მოწოდებებით, ადამიანები მივიდნენ მშვიდად არჩვნებზე და ხმა მისცენ თავიანთ რჩეულ პარტიას და დაამშვიდონ ისინი, პირიქით, ცდილობენ, დამატებითი დაძაბულობა შეიტანონ. ეს სჭირდებათ სწორედ იმისათვის, რომ იქნებ ახლა წარმოაჩინონ ოპოზიცია როგორც დესტაბილიზაციის წყარო, პოლიტიკური ოპონენტები წარმოადგინონ როგორც დაინტერსებული ქვეყანაში არეულობის დაწყებით, რათა იქნებ ამით მოახერხონ პრაქტიკულად, წაგებული არჩევნების შედეგზე ზეგავლენა. ეს არის სრულიად უნაყოფო მცდელობა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული სქემა წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 129 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.