ბადრი ჯაფარიძე - ხვალ ვაპირებთ, მივიდეთ სასამართლოზე, პრეზიდენტთან მიღებაზე მისვლას ვერ მოვახერხებთ
ბადრი ჯაფარიძე - ხვალ ვაპირებთ, მივიდეთ სასამართლოზე, პრეზიდენტთან მიღებაზე მისვლას ვერ მოვახერხებთ

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ორბელიანების სასახლეში ხვალინდელ მიღებას ვერ დაესწრებიან, ვინაიდან სასამართლო პროცესზე გეგმავენ მისვლას.

„ხვალ ვაპირებთ, მივიდეთ სასამართლოზე, მიღებაზე ვერ მოვახერხებთ, სასამართლო გვაქვს. აქედან გამომდინარე, ხვალ ასე ვთქვათ, ასეთი დღე გვაქვს“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იღებს ინიციატივას დიალოგთან დაკავშირებით, ახლა კი საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იღებს ამ ინიციატივას. ახლა საჭიროა უკვე კონრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა დაიწყოს დიალოგი, რომელიც სჭირდება ქვეყანას, სჭირდება საზოგადოებას, სჭირდება იმას, რომ დამთავრდეს სიძულვილით აღსავსე პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას პრაქტიჯული ნაბიჯები. ჩვენ გვესმის, ეს ძალიან რთული პროცესია, ჩვენ შორის არის ფუნდამენტური განსხვავებები, მაგრამ განსხვავებები უნდა გადავდოთ გვერდზე და გავერთიანდეთ მთავარისთვის – ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან და ჩვენ, „ლელო“ მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.

ამასთან, 10 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.