ბადრი ჯაფარიძე - ხელისუფლება მანდატებით ვაჭრობს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, ოპოზიციამ მაქსიმალურად კომპრომისული პოზიცია დაიკავოს
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყნისთვის მშვიდობიანი გარემოს შექმნა და პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის ირგვლივ მოლაპარაკება მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ხელისუფლება მანდატებით ვაჭრობს, თუმცა მათთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის, მთავარია, დასავლელი მეგობრების რეკომენდაციების გათვალისწინება.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ მაქსიმალურად კომპრომისული პოზიცია დაიკავოს.
„ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობიანი გარემოს შექმნა, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის ირგვლივ მოლაპარაკება. დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება მშვიდი გარემო. როგორც ხედავთ, ხელისუფლება ვაჭრობს მანდატებით, მაგრამ ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის, მთავარია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჩვენი დასავლელი მეგობრების მოსაზრებები, მათი რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ დაიკავოს მაქსიმალურად კომპრომისული პოზიცია“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრებისა და დევნის არსებობას არ აღიარებს.
ჯაფარიძის შეფასებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო ჩართულობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.
„რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკურ პატიმრებს, სამწუხაროდ, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი არ აღიარებდა პოლიტიკური პატიმრების და დევნის არსებობას, ეს ხელისუფლება ამას არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ჩართულობა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ევროსაბჭოს მიერ მისიის მოვლენა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც გიგი უგულავას საქმე უნდა შეისწავლოს. ასევე სხვა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლა უნდა მოხდეს. თუ გაგრძელდება პოლიტიკური დევნა, მაშინ მივიღებთ სრულიად არანორმალურ საარჩევნო გარემოს, სადაც ჩატარებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმურობას დაკარგავს. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ეს პროცესი გადავიყვანოთ ცივილიზებულ ჩარჩოში, ანუ მოხდეს თითოეული ამ შემთხვევისა და დევნის, თუ დაპატიმრების გამჭვირვალედ შესწავლა, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვით და ეს იქნება გამოსავალი, რომ მშვიდი, ნორმალური გარემო მივიღოთ“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება.
გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.
უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.