ბადრი ჯაფარიძე - გასული წლის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები, ამით სიამაყე შეუძლებელია
ბადრი ჯაფარიძე - გასული წლის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები, ამით სიამაყე შეუძლებელია

გასული წლის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები, ამით სიამაყე შეუძლებელია, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ „2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები საქართველოში პარტიამ ექვსჯერ ჩაატარა და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იყო მიჩნეული“.

„ირაკლი ღარიბაშვილს მოსწონს თავისი პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ერთი კაცის ირგვლივ შექმნილი და ერთი კაცის ნებაზე დამოკიდებული. გასული წლის არჩევნები, რომელიც აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები, ამით სიამაყე შეუძლებელია. ახლა ჩვენ ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. იმედი მაქვს, დარჩენილ ერთ კვირაში აღარ იქნება ძალადობის აქტები. ამის იმედს გვაძლევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. ახლა ჩვენ სადამკვირვებლო მისიებს ველოდებით. შემდეგი კვირის განმავლობაში 350-მდე დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს. პარალელურად მიმდინარეობს გრძელვადიანი დამკვირვებლების მუშაობა.

ყველა ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რათა დარჩენილ ერთ კვირაში აღარ მოხდეს ვითარების ესკალაცია. ჩვენ გვჭირდება მშვიდი საარჩევნო გარემო და მშვიდი არჩევნები. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრირება არის პირველი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ „ოცნება“, რომელმაც სამჯერ მოატყუა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, თითქოს მის პრიორიტეტში შედის ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება, ეს სასაცილოა. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა დაამყარეს ანტირეკორდი, განვმეორდები, ორი თვის განმავლობაში სამჯერ მოატყუეს ევროკავშირი, არ შეასრულეს ის პირობები, რომელიც აღებული იყო და დაკარგეს როგორც საიმედო პარტნიორის რეპუტაცია. ასეთ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ქვეყანას მომავალი არ აქვს, ამიტომ არის აუცილებელი „ოცნების“ გასტუმრება ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს გუშინ მიმართა.