ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები ექვსჯერ ჩავატარეთ საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იყო მიჩნეული
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები ექვსჯერ ჩავატარეთ საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იყო მიჩნეული

2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები ექვსჯერ ჩავატარეთ საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იყო მიჩნეული, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მუნიციპალური არჩევნები გველის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დემოკრატიული წესწყობილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოექცა წნეხის ქვეშ, ხოლო ზოგ შემთხვევაში შეტევის წინაშე.

ირაციონალური და ბნელი ძალები ამუშავდნენ, რასაც ხშირად გარე დივერსანტები ეხმარებოდნენ და აგულიანებდნენ. მათ წყაროს მნიშვნელობა არა აქვს – ჩვენ დემოკრატიულ გზაზე უნდა დავრჩეთ. არჩევნები ხშირად ვნებებისა და მძიმე ბრძოლების ადგილად იქცევა; ემოციებიც მატულობს.

თუმცა, როცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს – ხალხის ნების დამორჩილება.

თუ ვერ ვირწმუნებთ არჩევნების არსს, თავად დემოკრატია აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.

ამიტომ, დღეს დემოკრატიის, წინსვლის, თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ყველა აქ შეკრებილ ქომაგს მოგიწოდებთ, რომ მთელი გულით მიიღოთ მონაწილეობა თქვენს პოლიტიკურ  სისტემაში. როდესაც ვნებები დაცხრება და გამარჯვებული გამოცხადდება, პატივი ვცეთ ხალხის ნებას, დავივიწყოთ განსხვავებები და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ.

დემოკრატიის გამოწვევა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. საქართველოში ბევრს მივაღწიეთ, თუმცა ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. ჩვენი უპირველესი და უმთავრესი ამოცანაა მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

ამავდროულად, ერთგულნი უნდა დავრჩეთ განათლებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების იდეისადმი; აღმოვფხვრათ სიღარიბე; გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა და მოვახდინოთ ჩვენი სამრეწველო, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის სექტორების დივერსიფიკაცია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.