ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ვთხოვეთ „ენდიაის“, რომ კვლევაში „ლელო“ ჩართული არ ყოფილიყო
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ვთხოვეთ „ენდიაის“, რომ კვლევაში „ლელო“ ჩართული არ ყოფილიყო

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“  წარმომადგენელის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს.

მისივე თქმით, მოსახლეობა ყველა ძირითადი მიმართულებით „ქართული იცნების“ საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

„ამ გამოკვლევაში დღევანდელი მმართველი ძალის მიმართ მოსახლეობის მხრიდან სრული პროტესტია გამოკვეთილი. მხარდაჭერა 19 პროცენტის დონეზეა, მოსახლეობა უარყოფითად აფასებს „ქართული ოცნების“ საქმიანობას და მათ ლიდერებს. ეს ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, სადაც არის დიდი გაუარესება შარშანდელთან შედარებით, ზოგადად სახელმწიფოს კურსს. ასევე, ყველა სამინისტროს, თუ მთავრობის შეფასება არის მკვეთრად გაუარესებული შარშანდელთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ეს არის მანდატი მოსახლეობის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დატოვოს მმართველი პოზიცია“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხვდა კვლევაში „ლელო“, ჯაფარიძე განმარტავს, რომ „ენდიაის“ თავად სთხოვეს, „ლელო“ ჩართული არ ყოფილიყო.

„ოქტომბერში დაიგეგმა აღნიშნული კვლევა.  ჩვენ ვთხოვეთ, ამ გამოკვლევაში არ ყოფილიყო ჩართული „ლელო“. შემდგომ გამოკვლევაში „ლელო“ აუცილებლად იქნება. ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, დავრეგისტრირდით 22 დეკემბერს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ „ენდიაის“, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში. შემდგომ გამოკვლევებში, გაზაფხულზე აუცილებლად ვიქნებით ჩართულები“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით, ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები ასეთია: „ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არც ერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – ექვსი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ორი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ორი პროცენტი, „გირჩი“ – ერთი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – ერთი პროცენტი, „სხვა“ – ერთი პროცენტი.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი,  „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.