ბადრი ჯაფარიძე - ცესკო-ს თავმჯდომარეობის შერჩეული კანდიდატების მიმართ ნდობა ნაკლებია, ოპოზიცია მათ მხარს არ დაუჭერს
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. რაც ვიცით, ისინი ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლები არიან, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ელოდებოდნენ, რომ შერჩეული იქნებოდა ცესკო-ს თავმჯდომარეობის ისეთი კანდიდატი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან კავშირი არ ექნებოდა.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ცესკო-ს თავმჯდომარეობის შერჩეული კანდიდატების მიმართ ნდობა ნაკლებად აქვთ, რის გამოც მათ მხარს არ დაუჭერენ.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ცესკო-ს დღევანდელმა შემადგებლობამ არჩევნები საშინლად ჩაატარა, ცესკო-ს პასუხისმგებლობა იყო, რომ არჩევნები შეფასდა, როგორც ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები.
მოლოდინი გვქონდა, კანდიდატურა იმდაგვარად იქნებოდა შერჩეული, რომ მას არ ექნებოდა კავშირი სამარცხვინოდ ჩატარებულ არჩევნებთან. ეს ორი კანდიდატურა არის ცესკო-სთან აფილირებული კანდიდატურები. მათ მიმართ ნდობა ნაკლებია და ოპოზიცია მათ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს, განსხვავებით ცესკო-ს წევრებისგან, რომელსაც მხარს სამოქალაქო სექტორი უჭერს. მცდელობაა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ამ კანდიდატებიდან შეარჩიონ, რაც არის მცდარი გზა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.
კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.
შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.