ბადრი ჯაფარიძე - არ ვიცნობ, ვინ არის რაშად მუსაევი, თუმცა მუქარა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა იყოს, ჩვენი აქტივისტი იქნება თუ სხვისი
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის არ იცნობს რაშად მუსაევს და არც მისი მხრიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ მუქარაზე აქვს ინფორმაცია.
ჯაფარიძის განცხადებით, მუქარა ყველასგან მიუღებელია და ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს. ამასთან, „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ამ ფაქტს თავადაც შეისწავლიან.
„აქამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვემუქრებიდნენ და ახლა ეტყობა იფიქრეს, რომ საჭიროა რაღაც ინფორმაციის პირიქით გავრცელება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას არ ვენდობი, რადგან აქამდე მათი განცხადებები უსაფუძვლო და ტყუილის შემცველი იყო.
შევისწავლოთ, რა ფაქტია. არ ვიცნობ, ვინ არის მუსაევი. არ ვიცი, რადგან ჩვენ გვყავს 130 000 მხარდამჭერი, მოვიკითხავთ. ვისგანაც არ უნდა იყოს, ჩვენი აქტივისტი, სხვისი აქტივისტი, მუქარა არის მიუღებელი და აუცილებლად იქნება რეაგირება, მაგრამ სანამ არ შევისწავლით ამ ფაქტს, ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს სიმართლე და არის თუ არა ეს ადამიანი ჩვენი წევრი.
უნდა შეიტანონ განცხადება აუცილებლად და გამოძიებულ იქნას, მით უმეტეს თუ ვინმე ვინმეს ემუქრება. სანამ არ დადგინდება, მანამდე უდანაშაულობის პრეზუმფციას უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, სავალან მირზოევს პარტია „ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.