ბაჩო დოლიძე - ვფიქრობ, ოთხი კანდიდატიდან ნიკა მელიაზე ეფექტური არცერთი არ არის, ამომრჩეველმა განსაზღვროს, ვინ რომელ გუნდთან რა კონკრეტული საქმეებით იქნება დაკავებული
ბაჩო დოლიძე - ვფიქრობ, ოთხი კანდიდატიდან ნიკა მელიაზე ეფექტური არცერთი არ არის, ამომრჩეველმა განსაზღვროს, ვინ რომელ გუნდთან რა კონკრეტული საქმეებით იქნება დაკავებული

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მისი თქმით, რეგისტრაცია შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით.

„მოვისმინე, რომ მცირედი ტექნიკური შეფერხებები იყო, მაგრამ ნურავინ ინერვიულებს, არავინ დარჩება რეგისტრაციის გარეშე. მოვუწოდებ ყველას, ნუ გააკრიტიკებს იმ პლატფორმას, რომელიც დემოკრატიულად გვაძლევს შესაძლებლობას, ავირჩიოთ თავმჯდომარე. ჩემს პოზიციაზე ვრჩები, რომ ძალიან არასწორ დროს, არასწორი ფორმით ჩავნიშნეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ამის მიუხედავად, თუკი ვატარებთ არჩევნებს, უნდა ჩატარდეს მაღალ დონეზე. ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა, 28-29 იანვარს გავაკეთოთ არჩევანი იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ეფექტური იქნება ამ რეჟიმთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე ნომერ პირველ საკითხად ჩვენთვის რჩება მიხეილ სააკაშვილის დახსნა პოლიტიკური ტყვეობიდან“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ამასთან, კითხვაზე, რომელი კანდიდატის მიმართ იქნება უფრო მეტი ნდობა, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია კანდიდატებსა და საარჩევნო კამპანიაზე.

„ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ოთხი კანდიდატიდან ნიკა მელიაზე ეფექტური არცერთი არ არის. შეურაცხყოფას არცერთს არ ვაყენებ და არ ვაკნინებ, მაგრამ თუკი არჩევანზე მიდგება საქმე, ეს ჩემი პოზიციაა. ყველას წარმატებას ვუსურვებ. ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს, რამდენიმე წლის განმავლობაში ვინ რომელ გუნდთან რა კონკრეტული ნაბიჯებით, საქმეებითა და მოქმედებებით იქნება დაკავებული“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, მელიას კონკურენტი დარჩება თუ არა მის პარტიაში, დოლიძემ განაცხადა, რომ „ყველამ თავი უნდა დაანებოს ამგვარ სპეკულაციებს“.

„მე მომისმენია მეორე მხარის წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს ვინმე წასვლას აპირებს სხვადასხვა შედეგიდან გამომდინარე. ეს ბინძური სპეკულაციაა. არავინ არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ არც გაჩუმებას აპირებს. პირადად ყოველთვის მექნება აზრი, რომელსაც ვერავინ დამიშლის, რომ ამ გუნდში ვიქნები ჩვეულებრივად, პოზიცია შეიძლება, სხვა იყოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონ დააკომპლექტოს წინა პოზიციებზე ადამიანები, რომლებიც, სულ მცირე, გვერდიდან არ გააკრიტიკებენ და პასუხისმგებლობას არ მოიხსნიან მთელ ამ პროცესებზე. ამ არჩევნების შემდეგ, სულ მცირე, ერთი ძლიერი გუნდი ეყოლება სათავეში „ნაციონალურ მოძრაობას“, – აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საუბრებია პარტიის გადახალისებაზე და რამდენად სწორია ასეთი განცხადებები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა:

„ხაბეიშვილმა რაც თქვა? არ ვიცი, ალბათ ჩემგან გასუფთავებას ფიქრობდა. ამ პარტიაში ყველას აქვს ბიოგრაფია, არავის არ აქვს უფლება, რაიმე ნიშნით პარტიიდან გარიცხოს ესა თუ ის ადამიანი. როდესაც კონკრეტულ პოზიციებზეა საუბარი, თავმჯდომარემ და პარტიამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ რა პასუხისმგებლობა აიღოს, რადგან ოპოზიციაში თანამდებობები არ არსებობს, არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს. ყველა აკეთებს იმ საქმეს, რომელიც შეუძლია. აქ ძალა ერთობაშია და არა მსგავსი ტიპის განცხადებებში, რომ ამის დრო აღარ არის, უნდა მოვიყვანოთ სხვები“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, „საუბრობდით არაფორმალურ მმართველობაზე, ვის აწყობდა, გაეკეთებინა ასეთი შინაარსის განცხადება, ლევან ხაბეიშვილს?“

„ვერ გეტყვით, ლევანმა რადგან ეს განცხადება გააკეთა, ე.ი. ასე ფიქრობს. რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომლებზეც ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში, არაფორმალური მმართველობის სახით, ვხედავ კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ მოქმედებებს, რომლის წინააღმდეგი ვარ. საუბარი როდესაც იყო ლევანის მხრიდან, რომ ვინმე თავს ესხმის ვანო მერაბიშვილს, თავს იმიტომ კი არ ესხმიან და აკრიტიკებენ, რომ 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყო, არა, აქ საუბარია, რომ, სამწუხაროდ, დღეს არაფორმალური მართვის მეთოდებს იყენებს, რათა პარტიაში გავლენები მოიპოვოს. ამასთან, იყენებს ძალიან ბინძურ ხრიკებს, როგორებიც არის ჩანაწერები, მათი გავრცელება და ა.შ. ეს არის მეთოდი, რომელიც ყველამ ერთხელ და სამუდამოდ კატეგორიულად უნდა დავგმოთ, რადგან კარგის მომტანი არ შეიძლება, იყოს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.