ვანო მერაბიშვილს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის საკითხზე არ აქტიურობდა, ტყუილი და აბსურდია.
„ვანო მერაბიშვილის სხვა განცხადებას გამოვყოფდი, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ თურმე პარტია საერთოდ არ აქტიურობდა და განცხადებებს არ აკეთებდა უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის უტიფარი ტყუილი, აბსურდი. ეს არის მართლაც, არ ვიცი, ან შეგნებულად, ან დაუფიქრებელი განცხადება. ეს ფაქტები ხომ არ იმალება. რამდენჯერ ვიყავით ჩასულები უკრაინაში, რამდენი განცხადება კეთდებოდა. ეს ყველაფერი თუ არ ახსოვს, ძალიან სამწუხაროა. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია მის ინტერვიუში.
მასთან მიმართებაში ჩემი პოზიცია იცით, რომ დესტრუქციის მეტი, სამწუხაროდ, არაფერი არ მოაქვს. მიკვირს ჩემი მეგობრებისაგან, რატომ არიან ჩუმად, როცა ასეთ ტყუილს იძახის ადამიანი, რომელიც პირდაპირ ადანაშაულებს, მათ შორის, მათ, რადგან წინა მენეჯმენტიდან 90 პროცენტი არიან ის ადამიანები, ვინც დღევანდელ მენეჯმენტში არიან. თუ ისინი იღებენ ამ, ასე ვთქვათ, საყვედურს და ამ ბრალდებას, თურმე ხმას არ იღებდნენ უკრაინასთან მიმართებაში, მაშინ რა ვიცი, რა გითხრათ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ უკრაინულ არხთან, Freedom TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.