ბაჩო დოლიძე - უცნობია, როგორი შემადგენლობა ექნება პაკ-ს, შესაძლებელია, ძველი სახეების შემობრუნების საშუალებად ვიხილოთ
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის, სუპერ პაკ-ის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
„შესაძლებელია, ისევ ძველი სახეების შემობრუნების საშუალებად ვიხილოთ. ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორი შემადგენლობა ექნება და რა იქნება. რა თქმა უნდა, ბევრს აინტერესებს, როგორი ტიპის ფორმაცია იქნება, ვინ შედის ამ კონკრეტულ ჯგუფში. ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში გვაქვს დაწყებული, რომლის ფარგლებშიც საინტერესო პოლიტიკის კეთებას შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩეველს და არა მარტო ამომრჩეველს, მოსახლეობასაც. მგონია, რომ განსხვავებული პოლიტიკის კეთებაა შესაძლებელი. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი, განსხვავებული ადამიანები მოდიან და გვეუბნებიან, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ, სწორი გზით მივდივართ, რაღაცას მივაგენით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ასე რომ, არაფერი საწინააღმდეგო, არავითარი პიროვნული, ყველას აქვს თავისი გზა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. „პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.