ბაჩო დოლიძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავიანთ პათოსში გააგრძელონ აშშ-ის, მათ შორის სენატორების კრიტიკა, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარებთან მიმართებაში
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის ისტორიის განმავლობაში არ მახსოვს ასეთი მძიმე განცხადება. ეს არის ის განცხადება, რომელსაც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ძალიან ყურადღებით გაეცნო „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
დოლიძემ კომენტარი გააკეთა 14 სენატორის ერთობლივ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია: „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.
ბაჩო დოლიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავიანთ პათოსში გააგრძელონ აშშ-ის, მათ შორის სენატორების კრიტიკა, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარებთან მიმართებაში.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში შეგვაჩვიეს ევროკავშირსა და ევროპარლამენტარებთან უდიერ დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაში თვითონაც ფრთხილობენ.
ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ბევრი წლის განმავლობაში გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას, ძალიან დიდი თანხა – ასობით მილიონი დოლარი, განსაკუთრებით, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაზე მოდიოდა. მე გამოვყოფდი ერთ პასაჟს, სადაც გარკვევით წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც იქნება ქართველი ხალხის გვერდში, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი საზოგადოების გვერდში ევროინტეგრაციის პროცესში და რაც აქვს ახლა გასაკეთებელი „ქართულ ოცნებას“, არის მხოლოდ ერთი გამოსავალი – უკან უნდა გაიწვიოს კანონი. აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ან ცივილური სამყაროსკენ მივდივართ, ან მიგვათრევენ რუსეთისკენ, რომელიც, ფაქტობრივად, იზოლირებულია ცივილიზაციისგან. გაუჭირდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თავიანთ პათოსში გააგრძელონ ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის, სენატორების კრიტიკა, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარებთან მიმართებაში. ცოტა სხვა ხარისხია, სიმძაფრეც განსაკუთრებულია, მე არ მახსოვს მსგავსი მძიმე განცხადება, მაგრამ მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.