ბაჩო დოლიძე - პარტიაში არიან ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გავლენის მოპოვება და არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება
ბაჩო დოლიძე - პარტიაში არიან ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გავლენის მოპოვება და არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება

ის მეთოდი, რომ პასუხისმგებლობას არაფერზე იღებდე და მართავდე პროცესს, აბსოლუტურად მიუღებელია. პარტიის შიგნით ამ ყველაფერთან დაკავშირებით დიდი ხანია, ინფორმაცია არის. გუშინ რაც გასაჯაროვდა, ამის შესახებ ძალიან ბევრი ადამიანია ინფორმირებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

რაც შეეხება გლდანის შტაბის საკითხს, დოლიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია ჰქონდა.

„საერთოდ არ მიხარია, რომ ამ ბინძური მეთოდების უკან დგას კონკრეტულად ვანო მერაბიშვილი, მასთან აფილირებული ადამიანები, რომლებიც დაატარებენ აღნიშნულ ჩანაწერს. ერთ თვეზე მეტია, აღნიშნული ჩანაწერი არსებობს, შესაბამისად, ერთ თვეზე მეტი ხანი მიმდინარეობდა სხვადასხვა ადამიანთან აღნიშნული ჩანაწერის მოსმენა-გაზიარება, საკუთარი ტელეფონებით დაატარებდნენ სხვადასხვა რეგიონში. გლდანის შტაბის საკითხზე მქონდა ინფორმაცია, არა მხოლოდ კულუარულად. სამწუხარო ფაქტს ჰქონდა ადგილი. როგორც გუშინ ნიკამ ისაუბრა, პარტიაში არავინ დარჩენილა, ვინც არ იცოდა ეს ამბავი. თუმცა, ასე ღიად, საჯაროდ ამ ყველაფერზე არ გვისაუბრია. ნიკამ საკმაოდ დეტალურად ისაუბრა გუშინ ყველაფერზე, რაიმეს დამატება, არ მგონია, ახლა საჭირო იყოს. ალბათ სხვა ადამიანებიც გააკეთებენ შემდგომში განმარტებებს, ვინც უშუალოდ იყო ამაში ჩართული“, – განაცხადა დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის განცხადებით, „არიან ადამიანები, რომლებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია პარტიაში გავლენის მოპოვება და არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაშია.

„ჩვენ გვაერთიანებდა და გვაერთიანებს სურვილი, რომ ნორმალურ, ცივილურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იოკებენ ეგოისტურ პოლიტიკურ ამბიციებს და გაცილებით წინ აყენებენ თუნდაც პარტიაში გავლენების მოპოვებას, ამაზე არიან ორიენტირებულნი, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა დოლიძემ.