ბაჩო დოლიძე - იმ ადამიანების 90 პროცენტი, ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტშია, გიგა ბოკერიასთან იყო
ბაჩო დოლიძე - იმ ადამიანების 90 პროცენტი, ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტშია, გიგა ბოკერიასთან იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება პარტიისადმი, რომ გაერთიანდნენ, მკაფიო გზავნილი იყო მენეჯმენტის მიმართ.

„ძალიან მკაფიო გზავნილი იყო მენეჯმენტის მიმართ, სუს-ის აგენტები კი არ უნდა ეძახო ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა და ყველას ელაპარაკო. ამ პარტიისთვის ყველას რაღაც წვლილი აქვს შეტანილი იმისათვის, რომ დღემდე მოსულიყო, ძალიან რთული პერიოდიდან დღემდე. ხელისუფლებაში როცა იყო, მაშინ ყველა ეკედლებოდა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძეს ასევე კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის წერილის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“. ბაჩო დოლიძის თქმით, პერსონიფიცირებული შედარებების გაკეთება არ უყვარს.

„ზოგადად, არ მიყვარს პერსონიფიცირებული შედარებები – ამის გზას, იმის გზას. როდესაც პოლიტიკაში ხარ, შეიძლება, აირჩიო გზა, მაგრამ რეალობის შეგრძნება არ უნდა დაკარგო. როცა რამე ნაბიჯს დგამ, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, შიშები არ უნდა გქონდეს. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ საერთო ენა ვერ გამოვნახე მენეჯმენტთან, რა თქმა უნდა, რაღაც გზა უნდა ვნახო, მაგრამ ამის შიში არ მაქვს. სათანადო ამბიცია მაქვს, რომ ჩემს მეგობრებთან, ბევრ ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად, შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას. ასეთი შედარება არ მომწონს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანები მაშინ გიგა ბოკერიასთან იყვნენ, 90 პროცენტი დღეს მენეჯმენტშია. ამ თვალსაზრისით, არ ვიცი, ეს გაფრთხილებაა თუ რა არის“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გაფრთხილება თქვენკენაც იყო მომართული, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა:

„ნაწილობრივ შეიძლება, როგორ შეიძლება ამის არდაშვება, თუმცა დამოუკიდებელი თამაში რომ მომიწიოს, არავითარი შიში არ მაქვს. ჩვენმა ამომრჩეველმა, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამ კონფიგურაციის, მენეჯმენტის და იმ ადამიანების პირობებში, რომლებიც ზურგს უკან უდგანან მენეჯმენტს, შესაძლებელია რეჟიმის დამარცხება და ელექტორალური ზრდა, ეს არის რწმენის საკითხი. მე ასე არ ვთვლი, შესაბამისად, აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილებას მივიღებ შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა რუსული რეჟიმის მოცილება. ამ მიზნისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი კონკრეტულ ხალხთან, კონრკეტული სტრატეგიით და ხედვით. არსებული მენეჯმენტის ხელში მე ამის შანსს და შესაძლებლობას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.