ბაჩო დოლიძე - ბეჟაშვილისგან იყო აღიარებითი ჩვენება, რომ მასკარადი ემსახურებოდა არა გამთლიანებას, არამედ კონკრეტული ადამიანების ჩამოშორებას, ჩვენი მხრიდან ამას მალე წერტილი დაესმება
ბაჩო დოლიძე - ბეჟაშვილისგან იყო აღიარებითი ჩვენება, რომ მასკარადი ემსახურებოდა არა გამთლიანებას, არამედ კონკრეტული ადამიანების ჩამოშორებას, ჩვენი მხრიდან ამას მალე წერტილი დაესმება

მანიფესტი, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი, რეალურად, კონკრეტული ადამიანების პარტიიდან ჩამოშორებას ემსახურებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

ბაჩო დოლიძის თქმით, ბეჟაშვილის მხრიდან აღიარებითი ჩვენება მოისმინა.

„რისი გამრიცხავი არიან, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. პარტიის თავმჯდომარე „მგლის ბილეთების“ დარიგებით გვესაუბრება, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა გუშინ აღიარა, რეალურად რა მიზანსაც ემსახურებოდა მანიფესტი, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი, თითქოს გამამთლიანებელი უნდა ყოფილიყო, ეს პირდაპირ ითქვა. ემსახურებოდა გახლეჩის მიზანს, კონკრეტული ადამიანების პარტიიდან ჩამოშორებას. შესაბამისად, „მგლის ბილეთებზე“, ბილეთების დარიგებაზე საუბარი ვისგანაც მოდის, მათ ადეკვატური პასუხი გაეცემათ, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება, დაგველოდონ. ათიათასობით ადამიანზეა საუბარი, რომლებსაც, თავიანთი ჭკუით, ამ „მგლის ბილეთს“ ურიგებენ. შესაბამისად, ღირსეული, პრინციპული ადამიანების პასუხი იქნება. გუშინ ბეჟაშვილის მხრიდან აღიარებითი ჩვენება იყო, რომ მთელი მასკარადი, რომელიც მათ მოაწყვეს, ემსახურებოდა არა პარტიის გამთლიანებას, არამედ კონკრეტული ადამიანების ჩამოშორებას. ჩვენი მხრიდან ამას ძალიან მალე დაესმება წერტილი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის თქმით, არავის არაფერს მოუწოდებენ, არამედ შესაბამის განცხადებას გააკეთებენ ისინი, რომლებიც ჩათვლიან, რომ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.

„„ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო, ყოფილიყო ის გაერთიანება, სადაც ბევრი განსხვავებული ადამიანი იყრიდა თავს. ამ ადამიანებმა უარი თქვეს ყველა ღირებულებაზე და კონკრეტული ჯგუფი, რომელიც დღეს ახმოვანებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურად არის დაინტერესებული, მაგრამ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. ნამდვილად არ ვაპირებთ დისონანსის შეტანას, ჩამოყალიბდა კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც არც არაფერი ეშველება პოლიტიკურად და მათთან ერთად პირადად მე პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ. ამ ტონალობაში რიხიანად მარტო ჩვენთან საუბრობდნენ, „ქართულ ოცნებასთან“ სასესიო დარბაზში ვერ შედიოდნენ, რომ ვინმეს რამე არ ეთქვა, ყოველთვის სხვისი სათრევები, ამდენი თვის განმავლობაში ვიღაცას ამოფარებული იყვნენ. დღესაც სააკაშვილს ამოფარებული ხალხია, ამოფარებით მოვიდნენ თავმჯდომარის პოსტებზე და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით გვესაუბრებიან, როდესაც მათი მთავარი ინტერესია, მოხვდნენ პარლამენტში, სიაში, ზოგმა კვიპროსში გაისეირნოს. ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იქნება. ვერავის დავაძალებ, არავინ არავის მოუწოდებს, ვინც ჩათვლის, რომ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას, შესაბამის განცხადებას გააკეთებს, დაგველოდეთ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა გუშინ განაცხადა: „პარტიის წინააღმდეგ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია, უპირველესად, ნიკა მელიას ეხება მანიფესტი, მელია თუ მოაწერდა ხელს, ყველა სხვა ადამიანიც მოიაზრებოდა ამ ხელმოწერაში“.