ლევან ბეჟაშვილი - პარტიის წინააღმდეგ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია, პირველ რიგში, ნიკა მელიას ეხება მანიფესტი, მელია თუ მოაწერდა ხელს, ყველა სხვა ადამიანიც მოიაზრებოდა ამ ხელმოწერაში
ლევან ბეჟაშვილი - პარტიის წინააღმდეგ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია, პირველ რიგში, ნიკა მელიას ეხება მანიფესტი, მელია თუ მოაწერდა ხელს, ყველა სხვა ადამიანიც მოიაზრებოდა ამ ხელმოწერაში

ნიკა მელია თუ მოაწერდა ხელს მანიფესტს, ბუნებრივია, ყველა სხვა ადამიანიც მოიაზრებოდა ამ ხელმოწერაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, თუ მელიას მსგავსად, მანიფესტს არ შეუერთდებიან კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიძე და აკო მინაშვილი, მათაც იგივე ბედი ელოდებათ თუ არა, დარჩებიან თუ არა პარტიის მიღმა, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია პარტიის წინააღმდეგ საჯარო, პარტიის საწინააღმდეგო კამპანიების წარმოებაზე.

„არც კობა ნაყოფიას, არც ეკა ხერხეულიძეს, არც აკო მინაშვილს პარტიის საწინააღმდეგო არანაირი განცხადებები არ გაუკეთებიათ. არც კამპანიაში ჩართულან. მათ შეიძლება, განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ეს განსხვავებული აზრი არის პარტიის შიგნით, პარტიის ყველა შიდა რესურსია გამოყენებული, რათა ეს განსხვავებული აზრი გამოხატო. საჯარო დამაზიანებელ კამპანიას, რომელსაც ნიჰილიზმში მოჰყავს შენივე ამომრჩეველი და გაუგებრობაში, გაურკვევლობაში, რაღაც ცალკე ოფისების გახსნა, ცალკე შეკრებების მოწყობა და ასე შემდეგ, პარტიის წინააღმდეგ საჯარო კამპანიის წარმოება, ეს ხომ დამაზიანებელია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოთვლილი წევრებიც არ შეუერთდებიან მანიფესტს და ხელი არ მოაწერენ, რას აკეთებს პარტია, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა: „ყველა ვხვდებით, რომ ამ დოკუმენტის ადრესატები არიან ის ადამიანები, რომლებიც პარტიის წინააღმდეგ ღია საჯარო კამპანიას ეწეოდნენ“.

კითხვაზე, თუ კონკრეტულ ადამიანებს ეხებათ ეს დოკუმენტი, კონკრეტულად ვის და რამდენ ადამიანს ეხება, ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ამ კამპანიის მთავარი სუბიექტი ნიკა მელია იყო.

„პირველ რიგში, ყველა ვხვდებით, რომ ამ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია და, შესაბამისად, პირველ რიგში, ნიკა მელიას ეხება ეს დოკუმენტი. ნიკა მელია თუ მოაწერს და მოაწერდა ხელს ამ დოკუმენტს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ყველა ჩამოთვლილი სუბიექტიც და ყველა სხვა ადამიანიც მოიაზრებოდა ამ ხელმოწერაში“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, ნიკა მელიას მხრიდან ხელმოწერის შემთხვევაში, ეკა ხერხეულიძისა და კობა ნაყოფიას თანხმობაც იქნებოდა თუ არა ავტომატური, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ცნობილია ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდნენ.

„მთავარი გამოსავალი და განმსაზღვრელი არის პარტიის წინააღმდეგ საჯარო კამპანიის წარმოება. საკმაოდ ცნობილია ის ადამიანები, რომლებიც მთელი ამ რვა თვის განმავლობაში პარტიის წინააღმდეგ საჯარო კამპანიას ეწეოდნენ. ამიტომ ეს მანიფესტი სწორედ მათი ადრესირებით იყო მომზადებული და მათ ეხებოდა. შესაბამისად, მგონი, საზოგადოებისთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ყველამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ან აწერ ხელს, საერთო მოქმედებაში ჯდები და ყველანი საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, საერთო ბრძოლაში შევდივართ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობებით, როგორც ეს ასევე მანიფესტშია აღნიშნული, ან არადა, ბუნებრივია, შენს პოლიტიკურ გზას ირჩევ და სხვა მხრივ განაგრძობ შენს პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.