ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც პროკურატურაში შესვლამდე ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, ის დედამისის გარდაცვალების საკითხზე პროკურატურისგან შს მინისტრის გიორგი გახარიას დაკითხვას მოითხოვს.

​ბაჩანა შენგელიას განცხადებით, მან მოიპოვა და პროკურატურას გადასცა თათბირის კადრები, რომელზე მისი თქმით, ია კერზაიას საქმიანობის შესწავლის საკითხი გადაწყდა და რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ესწრებოდა. ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, შეხვედრა 2018 წლის 5 ან 6 ნოემბერს შედგა და მაშინ გადაწყდა, რომ სკოლის დირექტორი ია კერზაია დაესაჯათ.

ბაჩანა შენგელია ითხოვს საქმეში მონაწილე პირების და მათ შორის გიორგი გახარიას დროულად დაკითხვას.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.