ბაბუცა პატარაია - კონკურსში ვმონაწილეობ იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას" პრინციპული კანდიდატის არჩევის შანსი მიეცეს
კომისია იყო კონსტრუქციული, შეკითხვები კი საინტერესო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატობის მსურველმა, ბაბუცა პატარაიამ განაცხადა.
„კმაყოფილი ვარ, გასაუბრებამ კარგად ჩაიარა. ჯამში დადებითად შევაფასებდი. ვფიქრობ, კომისია პარლამენტს კარგ სიას გადასცემს, შემდეგ უკვე ყველაფერი კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა ბაბუცა პატარაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ.
მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობს იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ პრინციპული კანდიდატის არჩევის შანსი მიეცეს.
„ოცნებას უნიკალური შანსი აქვს, შეცვალოს საბჭო. შერჩევის პროცესში საკმაოდ კარგი კანდიდატები მონაწილეობენ. ვფიქრობ, არის რესურსი, რომ საბჭო რეალურად განახლდეს და განსხვავებული საზოგადოებრივი მაუწყებელი მივიღოთ”, – განაცხადა პატარაიამ.
ბაბუცა პატარაიამ სამეურვეო საბჭოს კანდიდატობის ერთ-ერთ მსურველზე, ზაზა შათირიშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, შათირიშვილის პრეზენტაციის მოსმენისას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მას გარანტირებული აქვს გამარჯვება.
„შათირიშვილთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ მისი დამოკიდებულება იყო უპასუხისმგებლო და ზერელე. ის არ იცნობდა პრაქტიკულად არც ერთ იმ დოკუმენტს, რომელზეც ყველა კანდიდატს ეკითხებოდნენ. ეს მაფიქრებინებს რომ მას გარანტირებული აქვს მოხვედრა და რატომ უნდა შეიწუხოს თავი, და რატომ უნდა წაიკითხოს ორი დოკუმენტი“, – განაცხადა ბაბუცა პატარაიამ და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, პროცესის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.