„აზოვის“ მედიკოსი ერდოღანს მიმართავს - თქვენგან სულ რაღაც 263 კილომეტრში ხალხს ანადგურებენ, გთხოვთ, დაასრულეთ ეს კოშმარი
ლეგიონ „აზოვის“ მედიკოსმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს. ვიდეომიმართვაში ის მოუწოდებს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომ მარიუპოლში მდებარე ქარხნის ტერიტორიიდან ყველა მოქალაქისა და მათ შორის მებრძოლების გაყვანაც მოხერხდეს.
„არ მახსოვს, ომის მერამდენე დღეა. ხალხი კვდება, ზოგი ტყვიისგან, ზოგი შიმშილით, ზოგს მედიკამენტები არ ჰყოფნის, საშინელ ვითარებაში არიან. არ ვიცი, დადგება თუ არა ჩვენთვის ხვალინდელი დღე, დრო არ გვაქვს. მე ყირიმელი თათარი ვარ, მუსლიმი. რუსეთის შემოჭრამდე სამედიცინო განათლება მივიღე, ახლა ხალხს სამედიცინო დახმარებას ვუწევ. ომამდე სიკვდილი არასდროს მინახავს. ახლა ძალიან მტკივა, როდესაც ვხედავ, რომ ხალხი კვდება უბრალოდ ანტიბიოტიკების დანაკლისის გამო. ჩვენ მუდმივად გვბომბავენ საჰაერო იერიშებით ზღვიდან და ხმელეთიდან.
გთხოვთ, განახორციელოთ „აზოვსტალიდან“ ყველა მოქალაქის გაყვანის პროცესი, მათ შორის სამხედროების. დაასრულეთ ეს კოშმარი. თქვენგან სულ რაღაც 263 კილომეტრში ხალხს ანადგურებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სამშობლოს მიწას იცავენ, ბავშვებსა და ქალებს. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს. უკრაინასა და თურქეთს ყოველთვის ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა. თქვენს ქვეყანას რეგიონში დიდი წონა აქვს. ჩვენ უკვე აღარ ვიცით, ვის მივმართოთ და პირადად თქვენ მოგმართავთ“, – აცხადებს ლეგიონ „აზოვის“ მედიკოსი ვიდეომიმართვაში.