„აზიის განვითარების ბანკთან“ დიდი ჰესების მშენებლობის დაფინანსების შეჩერების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, „აზიის განვითარების ბანკთან“ დიდი ჰესების მშენებლობის დაფინანსების შეჩერების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდებენ, არ დააფინანსონ დიდი კაშხლური პროექტები, რომელიც მეწყრული პროცესებისა და წყალმოვარდნების გამომწვევი მიზეზი ხდება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით გულბანმა განაცხადა, აქციაზე მოქალაქეები რაჭიდან და სვანეთიდ ჩამოვიდნენ, რომლებიც ამ მოთხოვნებს მსვლელობით პარლამენტისა და ევროპის განვითარების ბანკის წინაც გააჟღერებენ.
„დღეს არის „მდინარეთა საერთაშორისო დაცვის დღე“, რასაც ჩვენც ვუერთდებით. აქციაზე შეიკრიბენ ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა. ჩვენი მთავარი მომართვაა ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომ ეს დიდი კაშხლური და ზოგადად, დამანგრეველი პროექტები, რომელიც აზიანებს გარემოს, არ დააფინანსონ და არ დაუჭირონ მხარი. ვინაიდან, მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც შეკრებილია, თავიანთი დამოკიდებულება აქვთ, მივიჩნევთ, რომ ჯანსაღი გარემო ეს ჩვენი უფლებაა, რომელსაც ვთხოვთ სახელმწიფოს და ფინანსურ ინსტიტუციებს, რომ მათი მხრიდან მხარდაჭერილი პროექტები ნუ იქნება იმ პროექტების დამწყები, რომელიც არის მეწყესაშიში და გამოიწვევს წყალმოვარდნებს“, – განაცხადა გულბანმა.
ამასთან, მსვლელობის პარალელურად, სოლიდარობის აქციები მესტიის რაიონში, სოფელ ჭუბერში და ქალაქ ქუთაისში გაიმართა.
აქციას მხარს უჭერენ და მონაწილეობას იღებენ გარემოსდაცვისა და ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ექსპერტები – „მწვანე ალტერნატივა“, „მწვანე მუშტი“, „აუდიტორია 115“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, ენერგოუსაფრთხოების ფონდი“, ლაშა ჩხარტიშვილი, დავით გულბანი, ვახტანგ ზარქუა.
საპროტესტო აქცია „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით, ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის, ხევისა და მთიულეთის ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებით ტარდება.