აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.
ბანკის ცნობით, პროექტი ქვეყნის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია და სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და საქართველოს, როგორც რეგიონის, სავაჭრო და ტურისტულ ცენტრად დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
„ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად. 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის. ახალი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც არსებულ გზაზე გამუდმებით ფერხდებიან, განსაკუთრებით ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ზამთრის პირობებში ზვავსაშიშროების მაღალი დონეა“, – აღნიშნულია ADB-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, შემოვლითი გზა ხადას ხეობაზე გაივლის და ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხასიათდება, როგორიცაა საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბი (9 კმ) და თაღოვანი ხიდი ხადისწყალის მდინარეზე. გზა ხეობის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებებსა და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.
ამასთან, არსებული 35-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ყოველდღიურად 3 500 ავტომობილი სარგებლობს, წელიწადში 40 დღეზე მეტხანს, უმეტესად ზამთრის პერიოდში, იკეტება, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.
„მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ზრდისა და განვითარებისთვის; ქვეყანა ხომ ევროპისა და აზიის ტრანზიტული და სავაჭრო დამაკავშირებელი მიმართულებების ცენტრშია“, – აცხადებს ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორი ვერნერ ლიპახი.
მისი თქმით, ახალი შემოვლითი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ დერეფანს და ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობასა და კავშირებს, და გაზრდის რეგიონში ვიზიტორთა რიცხვს, რადგან აქ მრავლადაა მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.
ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ტრანზიტის საერთო მოცულობამ 2015 წელს 1,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სატრანზიტო ვაჭრობის 12%-ია, მაშინ, როდესაც ტურიზმი ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტი დაახლოებით 7%-ია, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქალაქები – გუდაური და სტეფანწმინდა კი ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებები. შემოვლით გზაზე სატვირთო ტრანსპორტის გუდაურის გვერდის ავლით მოძრაობა ქვეშეთი-კობის გზას სასიცოცხლო მნიშვნელობას შესძენს გუდაურის ინფრასტრუქტურას, რათა ის საერთაშორისოდ აღიარებული ზამთრის კურორტი გახდეს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 558.6 მილიონი აშშ დოლარია და თანადაფინანსება $60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და $83.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საქართველოს მთავრობისგან არის მოსალოდნელი. გზა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის დაპროექტებული, ყოველი მიმართულებით მიმავალი ერთზოლიანი მოძრაობითა და აღმართში მიმავალი მძიმე ტრანსპორტისათვის დამატებითი ხაზით. კავკასიის მთებში არსებული რთული რელიეფის გამო, საჭირო იქნება 5 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 11 კილომეტრს შეადგენს და ექვსი ხიდი, საერთო 1,6 კილომეტრი სიგრძით.
პროექტის მომზადებისას, საქართველოს გზების დეპარტამენტმა, ADB-მა და EBRD-მა ჩაატარეს სიღრმისეული შეფასება და ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები გამართეს. გათვალისწინებულ იქნა გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის შემცირებისა და შემსუბუქების ღონისძიებები, ხადას ხეობის ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის მიზნით.
ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა შემოვლითი გზის გარდა 5-კილომეტრიანი მისასვლელი გზის გაკეთება ხადას ხეობაში ზამთრის პერიოდში მაღალთოვლიანობით იზოლირებული მოსახლეობისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ტურისტული და ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ცენტრი გახდება.
„შემოვლითი გზა და მისასვლელი გზები მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის საავადმყოფოებში, სკოლებში მიმოსვლასა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე წვდომას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ტრანსპორტის სპეციალისტი, კამელ ბუჰმადი.
მისი თქმით, მრავალფუნქციური სივრცე ტურიზმზე ორიენტირებული იქნება, რათა კიდევ უფრო გაზარდოს გზით შემოსული სარგებელი.
გზის მშენებლობის დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აზიის განვითარების ბანკი, რომელიც 1966 წელს დაარსდა, 68 წევრ ქვეყანას აერთიანებს, რომელთაგან 49 რეგიონის წევრია.