აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი - ჩვენმა კვლევამ გამოკვეთა, რომ საქართველოში ახალი აეროპორტის აშენება იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი, ვიდრე არსებული აეროპორტის გაფართოება
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი - ჩვენმა კვლევამ გამოკვეთა, რომ საქართველოში ახალი აეროპორტის აშენება იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი, ვიდრე არსებული აეროპორტის გაფართოება

აზიის განვითარების ბანკის კვლევამ გამოკვეთა, რომ ახალი აეროპორტის აშენება საქართველოში იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი, ვიდრე არსებული აეროპორტის გაფართოება, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა, გიორგი კიზირიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული თბილისის აეროპორტის გაფართოება შესაძლებელია, მაგრამ იმ მოცულობების მიღება, რომელი მოცულობების მიღებასაც შეძლებს ახალი აეროპორტი, ძველი აეროპორტის შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი, რადგან იქ გარკვეული შეზღუდვებია.

ამასთან, როგორც კიზირიამ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი, რამდენიმე წელია, თანამშრომლობს საქართველოს აეროპორტებსა და ეკონომიკის სამინისტროსთან.

„გამოვყავით ტექნიკური დახმარება, რომლის ფარგლებშიც მოვახდინეთ ზოგადად საქართველოს აეროპორტის სექტორის შეფასება. მათ შორის, რა თქმა უნდა, კვლევა შეეხო თბილისის აეროპორტს, ისევე როგორც საქართველოს სხვა აეროპორტებს. ზუსტად ამ კვლევის ფარგლებში ნათლად გამოიკვეთა საჭიროება აეროპორტის გაფართიებისა. მოგეხსენებათ, ტურიზმი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც საკმაოდ გაზარდა აეროპორტებში მგზავრთა ნაკადები, განსაკუთრებით, თბილისის აეროპორტში. აქედან გამომდინარე, ნათლად გამოიკვეთა საჭიროება დამატებით სიმძლავრეებისა აეროპორტში. განხილული იქნა რამდენიმე ვერსია, მათ შორის არსებული აეროპორტის გაფართოება, ისევე როგორც ახალი აეროპორტის მშენებლობა, კონკრეტულად ვაზიანის ვარიანტი.

აზიის განვითარების ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით. კვლევები გაგრძელდება. ეს იყო კვლევების პირველი ეტაპი. ახლა ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალი აეროპორტის მასტერპლანის განვითარებაზე, რომელსაც ვგეგმავთ, რომ დავასრულებთ 2024 წლის განმავლობაში. ეს კვლევა კიდევ უფრო კონკრეტულ მონახაზს განავითარებს ვაზიანის აეროპორტის და ბევრი დეტალი გახდება კიდევ ცნობილი მომავალ აეროპორტთან დაკავშირებით. მე ტექნიკურ დეტალებში აღარ შევიჭრები, ეს აეროპორტების კომპეტენციაა და დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გაგცემენ.

ჩვენმა კვლევამ გამოკვეთა, რომ ახალი აეროპორტის აშენება საქართველოში იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი, ვიდრე არსებული აეროპორტის გაფართოება. რა თქმა უნდა, თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოება შესაძლებელია, მაგრამ იმ მოცულობების მიღება, რომელი მოცულობების მიღებასაც შეძლებს ახალი აეროპორტი, ძველი აეროპორტის შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი, რადგან იქ გარკვეული შეზღუდვებია“, – აღნიშნა კიზირიამ.

მისივე განცხადებით, კვლევიდან და ციფრებიდან ძალიან ცხადად ჩანს, რომ მიზანშეწონილია ახალი აეროპორტის აშენება.

„წინასწარი გათვლები როდესაც კეთდება, როგორი ტენდენციებია ეკონომიკაში, ტურიზმში, მგზავრთანაკადის ზრდაში, ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის ტურიზმი, რომელიც საქართველოში ძალიან მყარი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ჩვენ თუ გავაკეთებთ გარკვეულ გათვლებს აეროპორტზე, რომელიც აღმოჩნდება შემდეგ, რომ არ გავთვალეთ საკმარის რაოდენობაზე მგზავრთნაკადის, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც გავაფართოებთ არსებულ აეროპორტს, რომელსაც ახლო მომავალში აღარ ექნება საკმარისი გამტარუნარიანობა და მოგვიწევს ისევ ახალი აეროპორტის მშენებლობა და ორჯერ გადავიხდით თანხას. აქედან გამომდინარე, კვლევიდან და ციფრებიდან ძალიან ცხადად ჩანს, რომ მიზანშეწონილია ახალი აეროპორტის აშენება.

ნებისმიერი თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის არის ერთობლივი პროცესი. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ასეთ საკითხებზე, ვმუშაობთ ერთად – აეროპორტები, აზიის განვითარების ბანკი, ჩვენ მიერ დაქირავებული ექსპერტები და ა.შ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები დგება კონსესუსის ხარჯზე. საქართველოს, როგორც აეროპორტის მფლობელ ქვეყანას, მეტი როლი აქვს გადაწყვეტილების მიღებაში. შემიძლია გითხრათ, რომ ეს დასკვნები, რაც ამ ეტაპზე ცნობილია, მიღებულია ერთობლივად შესწავლის საფუძველზე. მათ შორის, თვითონ ვაზიანი, რომელიც ალბათ საკმაოდ ინტუიტიური და ბუნებრივი ლოკაციაა, თბილისთან მისი სიახლოვიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გიორგი კიზირიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, მთავრობის დავალებით, ერთი წლის განმავლობაში არაერთი კვლევა ჩაატარა, სადაც ჩართული იყვნენ სხვადასხვა უწყების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკი.