აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი - ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეუძლია
საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს,- ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან 2019-2023 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მიზანია რეგიონული კავშირების გაღრმავება, კერძო სექტორის განვითარება, ურბანული განვითარების მხარდასაჭერად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება, აზიის განვითარების ბანკის [ADB] როლის გაფართოება/გავრცელება განათლების, პროფესიული განვითარებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. როგორც იცით, გასულ წელს ვიზიტით ვიმყოფებოდი თქვენს ქვეყანაში და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ განსაკუთრებულმა ძალისხმევამ, რომელსაც საქართველო მიმართავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის“,- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.