აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი - რეგიონი დგას განვითარების გადაუდებელი გამოწვევების წინაშე, ADB-ის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამისადმი ურყევი რჩება
რეგიონი დგას განვითარების გადაუდებელი გამოწვევების წინაშე, რომლებსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაჭრის მარტო, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ თბილისში მიმდინარე ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ პირადად ვესწრები ამ პირველ მინისტერიალს, რომელიც 2019 წლის პანდემიით გამოწვეული ვირტუალური შეხვედრების შემდეგ პირველად ხდება. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას წლევანდელი კონფერენციის მასპინძლობისთვის. ჩვენი კონფერენციის თემა მეტად აქტუალურია, რადგან რეგიონი დგას განვითარების გადაუდებელი გამოწვევების წინაშე, რომლებსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაჭრის მარტო. მზარდი გაურკვევლობის წინაშე ვიმყოფებით გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვის ცვალებადი მდგრადობის გამო. შედეგად, ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება. ამასთანავე, იცვლება სატრანსპორტო და სავაჭრო გზები. ჩვენ, ასევე, კლიმატური შოკების უფრო ხშირი და ინტენსიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ ეს ვნახეთ ამ რეგიონული პროგრამით გაერთიანებულ ქვეყნებში წყალდიდობებით, განსაკუთრებული სიცხითა და გვალვით გამოწვეული ბოლოდროინდელი განადგურების მაგალითზე. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტრურას, ეკონომიკურ აქტივობას და, ზოგადად, არსებობას“, – აღნიშნა მასაცუგუ ასაკავამ.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ფინანსური ორგანიზაციის მიერ რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.
„ნება მომეცით, გაგაცნოთ, თუ როგორ უჭერს მხარს აზიის განვითარების ბანკი რეგიონის ქვეყნებს ამ გამოწვევების დაძლევაში. როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის კლიმატის ბანკის, ჩვენი ამბიციაა, ჯამურად 100 მილიარდით კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ძალისხმევის დაფინანსება 2019 -2030 წლების პერიოდში. გასული წლის მდგომარეობით, 21 მილიარდი დოლარი გვაქვს გაწერილი, საიდანაც 6,5 მილიარდი იყო მიმართული ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებისთვის. ასევე, მხარი დავუჭირეთ კაპიტალურ რეფორმებს, რომელთა განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებას მოჰყვება დამატებით 100 მილიარდი დოლარი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების 40 პროცენტი და ზრდა კრიზისების გამკლავების კუთხით, მათ შორის, კლიმატის ცვლილებების დასაძლევად“, – განაცხადა მასაცუგუ ასაკავამ.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისადმი ურყევი რჩება.
„ნება მომეცით, გამოვყო ამ შემთხვევისთვის განსაზღვრული დღის წესრიგიდან ორი საკითხი, რაც ჩვენს ერთობლივ მუშაობას გააძლიერებს. პირველი მათგანია ჩვენი ძალისხმევის აქცენტები და მათი მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, რომლებიც კლიმატის კრიზისის დაძლევისთვის გადამწყვეტია: ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა და დეკარბონიზაცია, კლიმატის ცვლილებებზე გათვლილი აზრიანი ინფრასტრუქრტურა და პოლიტიკა, კატასტროფებისადმი მედეგობა, ინსტიტუციური შესაძლებლობები და კოორდინაცია. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხედვა კლიმატის ცვლილებების შესახებ გააძლიერებს ჩვენს გავლენას ამ სფეროებში. მაგალითად, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებსა და კოორდინაციას შეუძლია, გააძლიეროს ჩვენი პროგრამის კოლექტიური ხმა საერთაშორისო კლიმატის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა გაერთიანებული ერების კონფერენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ; მეორე მათგანია ფინანსური დანაკლისის ამოვსების მნიშვნელობა. ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებს 2030 წლამდე ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი დასჭირდებათ წელიწადში ინფრასტრუქტურის სექტორში მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და რეგიონის მრავალმხრივ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ყოველივე ეს კი საჭიროიებს ინოვაციურ მიდგომებს, კერძო სექტორიდან კაპიტალის მობილიზებას, მაღალი ხარისხის ინვესტიციების განხორციელებას და ამ უნარის გაზრდას.
იმედი მაქვს, შევძლებთ რეალური პროგრესის მიღწევას ბანკის შესაფერისი რეგიონული პროექტების მხარდაჭერის ინიციატივების სახით, რომლებიც ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაზე, ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე, მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებასა და მდგრადობაზე. ნება მომეცით, ჩემი გამოსვლა დავასრულო იმის თქმით, რომ აზიის განვითარების ბანკი ერთგულია თქვენთან ერთად ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და დაფინანსებაზე მუშაობის იდეისადმი, ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა მასაცუგუ ასაკავამ.