აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მიღწევებს შთამბეჭდავად აფასებს
საქართველოს მიღწევები, რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შთამბეჭდავია, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სტუმრობს, ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას; ასევე – დადებითად შეაფასა საქართველოში ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
მხარეებმა იმსჯელეს, როგორ გაიზარდოს ინვესტიციის მოცულობა საქართველოში, ასევე საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მოდელების განვითარებაზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეხვედრისას, საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში.
აღინიშნა, რომ ბანკის საოპერაციო ბიზნესგეგმა, რომელიც რეგიონული კავშირების, მდგრადი ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფნის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან.
პრემიერმა აზიის განვითარების ბანკს სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბანკის მომავალ პროგრამებზე საქართველოში, საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმებზე და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სახელმწიფო და კერძო სექტორში განხორციელებულია 2.5 მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროექტები.