აზიის განვითარების ბანკი - 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება
აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება და 2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 0,2 პროცენტით გაუსწრებს.
ორგანიზაციის 2018 წლის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ზრდას 2018 წლის მეორე ნახევრიდან საპენსიო და კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი რეფორმების განხორციელება შეუწყობს ხელს, რამაც ანალიტიკოსების გათვლებით, დანაზოგებისა და ინვესტიციების გაზრდა უნდა უზრუნველყოს.
მიმოხილვის თანახმად, 2018 წელს მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება 3,5 პროცენტამდე, 2017 წლის 6 პროცენტიან დონესთან შედარებით, რისი მიზეზიც, მიმოხილვის ავტორების თქმით, სააქციზო პროდუქციაზე ფასების ზრდის ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვაა, რის შემდეგაც ინფლაციის უფრო მეტად, 3 პროცენტამდე შემცირებას ელოდებიან.
ADB-ის მკვლევარების ინფორმაციით, 2018 აგრეთვე მოსალოდნელია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მცირედი ზრდა, კერძოდ მშპ-ს 9,5 პროცენტის დონემდე, რაზეც შესაძლოა, გავლენა იქონიოს ნავთობის მზარდმა ფასმა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებას მიმოხილვის ავტორები 2019 წელს, 8,5 პროცენტამდე ელოდებიან, ექსპორტითა და ტურიზმით მიღებული შემოსავლების ხარჯზე.
„აღნიშნული პროგნოზების რისკს წარმოადგენს მოსალოდნელზე უფრო სუსტი საექსპორტო მაჩვენებელი, თუ საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განვითარებული ეკონომიკური მოვლენები უარყოფითი მოლოდინებით იქნება განპირობებული და პირიქით, საგარეო ბაზრებზე მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა, უზრუნველყოს საქართველოში ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.