აზერბაიჯანული მედია - სომხეთი გორანბოის, ტერტერის, აგდამის, აღჯაბადისა და ფიზულის რაიონებს ბომბავს
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები გორანბოის, ტერტერის, აგდამის, აღჯაბადისა და ფიზულის რაიონების დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ.
სააგენტო „ტრენდი“ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანული მხარე საპასუხო ზომებს იღებს.
ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ გაავრცელა განცხადება.
საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს.
მათივე ცნობით, შეთანხმების თანახმად, ცეცხლი კონფლიქტის ზონაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა შეწყდეს ჰუმანიტარული მიზნით, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.
ამასთან, აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან „სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“.