აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდებისთვის გერმანია 1.2 მილიარდ ევროს გამოყოფს
აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდებისთვის გერმანია 1.2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ სააგენტო dpa იუწყება. აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია კრედიტს გერმანულ ბანკში მიიღებს.
„გაზის მიწოდებამ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპისა და გერმანიის მომარაგებაში“, – აღნიშნულია გერმანიის ფინანსთა მინისტრის წარმომადგენლის წერილში ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე.
Deutsche welle იხსენებს, რომ გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა E.on-მა აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან ჯერ კიდევ 2013 წელს მოაწერა ხელი. დოკუმენტი ბუნებრივი აირის მიწოდებას (წელიწადში 1.45 მილიარდი კუბური მეტრი) 2020 წლიდან 2044 წლის ჩათვლით ითვალისწინებს.
ევროკავშირის ბაზარზე გაზი კასპიის ზღვის შაჰ-დენიზის საბადოდან მოხვდება. ამისთვის აზერბაიჯანსა და საქართველოში სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაო ჩატარდა; თურქეთში ტრანსანატოლიური მილსადენი; საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში კი ტრანსადრიატიკული მილსადენი შენდება.