ნათია თურნავა - აზერბაიჯანული გაზის ფასთან დაკავშირებული საკითხი ტექნიკურია
ნათია თურნავა - აზერბაიჯანული გაზის ფასთან დაკავშირებული საკითხი ტექნიკურია

საქართველოში გაზის უმეტესი წილი აზერბაიჯანიდან შემოდის და არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ იქნება, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თემით საქართველოს პირველი არხი სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადების შემდეგ დაინტერესდა. ნარმანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს.

„სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება ტარიფთან მიმართებაში. სემეკი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოში ტარიფთან დაკავშირებით. ჩვენი დიდი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი, აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ კვლავაც გააგრძელებს ჩვენ გაზმომარაგებას და უმეტესი წილი, 95 პროცენტი საქართველოში შემოდის აზერბაიჯანიდან. არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ იქნება. ეს არის ტექნიკური საკითხი. მთავარია, ტარიფი არ გაიზრდება. ამისთვის ჩვენ საკმარისი ბერკეტები გაგვაჩნია“, – აღნიშნა თურნავამ.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფები საქართველოში თითქმის უცვლელი რჩება. დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის გარკვეული რისკები და ხარჯები თავის თავზე ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აიღო.