აზერბაიჯანში ირანის ელჩი - სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა, – ამის შესახებ აზერბაიჯანში ირანის ელჩმა, სეიდ აბას მუსავიმ განაცხადა.
ირანელი დიპლომატის თქმით, რეგიონში დასავლეთის ქვეყნების ჩარევა წარმატებულ გამოცდილებად ვერ ჩაითვლება და ეს აქტივობა არ დაეხმარება რეგიონში პრობლემების მოგვარებას, პირიქით, გაართულებს სიტუაციას.
„დასავლეთის ქვეყნები, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებს ატარებენ და არა რეგიონის ქვეყნების ინტერესებს. ჩვენ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად მოაგვარონ თავიანთი პრობლემები. ირანის ისლამური რესპუბლიკა ინარჩუნებს ორმხრივ და მრავალმხრივ კონტაქტებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა სეიდ აბას მუსავიმ.
ცნობისთვის, 5 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.