აზერბაიჯანში ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი ან ბუიონი სამინისტროში დაიბარეს, რათა ეცნობებინათ, რომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გაძევებულია ქვეყნიდან მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი მოქმედების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა.
უცნობია, კონკრეტულად რა გახდა საელჩოს თანამშრომლების გაძევების მიზეზი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომლის საქმიანობაც ვრცელდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში.