აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გამოვლინდა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომლის საქმიანობაც ვრცელდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საფრანგეთის საელჩოსთან დაკავშირებული ჯაშუშური ქსელი გამოვლინდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Identificator-ზე დაყრდნობით წერს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვებგვერდი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საფრანგეთის მოქალაქემ ნებაყოფლობით წამოიწყო თანამშრომლობა აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებთან. ამ თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა ათობით ფრანგი საიდუმლო აგენტი, რომელთა ნაწილი მუშაობდა და აგრძელებს საქმიანობას აზერბაიჯანში, ნაწილი კი, ამჟამად მეზობელ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადაეცათ მტკიცებულებები და დოკუმენტები სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში საფრანგეთის რეზიდენციის საქმიანობის შესახებ.
ამასთან, ზოგიერთი უცხოური მედია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც, მათივე მტკიცებით, ფრანგული ჯაშუშური ქსელი გამოვლინდა, საქართველოსაც მოიხსენიებს.
როგორც მედია წერს, ეს ქსელი, რომელიც მოქმედებდა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს შიდა რეზიდენციიდან, არა მხოლოდ აწარმოებდა ჯაშუშობას, არამედ აქტიურად აფართოებდა თავის გავლენის სფეროს რეგიონში.