აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ქალაქ შუშას ეკლესიაზე თავდასხმას უარყოფს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ქალაქ შუშას ეკლესიაზე თავდასხმას უარყოფს. თავდაცვის უწყების განცხადებას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შუშაში საბრძოლო ოპერაციის დროს ეკლესიის დაზიანება აზერბაიჯანის არმიის ქმედებებს არ უკავშირდება.
„სომხეთის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რომლებმაც 4 და 5 ოქტომბერს განჯის მიმართულებით ცეცხლის გახსნისას დააზიანეს სამოქალაქო ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, მათ შორის იმამზადეს რელიგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, აზერბაიჯანის არმია სამიზნეში არ იღებს ისტორიულ, კულტურულ, კერძოდ, რელიგიურ ნაგებობებსა და ძეგლებს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ქალაქ შუშას ეკლესიაზე დარტყმა განახორციელა.