აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ოფიციალური ბაქო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ირანული მხარის განცხადებებს აზერბაიჯან-ირანის საზღვართან გარეშე ძალის ყოფნის თაობაზე
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის განცხადებას, რომ თეირანი არასდროს შეეგუება „სიონისტური რეჟიმის“ არსებობას მის საზღვრებთან.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის ლეილა აბდულაევას განცხადებით, ოფიციალური ბაქო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ირანული მხარის განცხადებებს აზერბაიჯან-ირანის საზღვართან მესამე, გარეშე ძალის ყოფნის თაობაზე.
„ჩვენ არ ვიღებთ განცხადებებს აზერბაიჯან-ირანის საზღვართან მესამე ძალის ყოფნისა და ამ ძალის პროვოკაციული მცდელობების თაობაზე, რადგან ამ საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს. საერთოდ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რაიმე ძალის, მათ შორის, ტერორისტული ელემენტების არსებობა, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ჩვენს სახელმწიფოს ან მეზობელ ქვეყნებს, არ შეიძლება, განხილვის საგანი იყოს“, – აღნიშნა აბდულაევამ.
მისი თქმით, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა და აზერბაიჯანული მხარისთვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ. აბდულაევას განცხადებით, აზერბაიჯანი ყოველთვის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპით ხელმძღვანელობდა.
„აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა თავისი ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას. კერძოდ, ირანთან ჩვენი საზღვრის 130 კილომეტრზე მეტი სომხური ოკუპაციის ქვეშ იყო. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ არ გვსმენია ასეთი მკაცრი რეაქცია მეგობრული ირანის მხრიდან ჩვენი საზღვრის ნაწილის ოკუპაციაზე“, – აღნიშნა აბდულაევამ.
„რაც შეეხება აზერბაიჯანში უცხოური ჩარევის შესახებ მოსაზრებებს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის ახორციელებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია კონკრეტული ნაბიჯებით ბოლო 30 წლის განმავლობაში. მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ამ მიმართულებით მუდმივ ნაბიჯებს ვდგამთ“, – დაამატა წარმომადგენელმა.