აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
შეხვედრას ესწრებიან: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი უკვე შესულია, რომელიც აზარტულ თამაშებზე ახალი რეგულაციების ამოქმედებას ითვალისწინებს.
პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო აღნიშნული რეგულაციების უფრო მეტად გამკაცრებას ითხოვს.
საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტით, აზარტული თამაშები 18-ის ნაცვლად, დაშვებული იქნება 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, სადაც ადგილზე შეამოწმებენ აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება.