აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივას კომიტეტებში განიხილავენ
აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივას კომიტეტებში განიხილავენ.
ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძეს მიმართა, რათა მისი ინიციატივა კომიტეტებმა განიხილონ. გოგიჩაიშვილის განცხადებით, კომიტეტები არღვევენ პარლამენტის რეგლამენტს, როდესაც მის ინიციატივა არ განიხილება.
„ბატონო არჩილ, მე თქვენ მოგმართეთ ერთი კვირის წინ თხოვნით, რომ იქნებ დაავალოთ კომიტეტის თავმჯდომარეებს, საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მაქვს წარმოდგენილი, ჩაინიშნოს საკომიტეტო მოსმენები. ეს ეხება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტს და ზოგადად რეგულაციებს.
მესმის, რომ თქვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს, არასრულწლოვნების მასობრივი ჩართულობა, ფულის გათეთრების საკითხები არ გაწუხებთ, მაგრამ მე ვითხოვ ჩემი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას. თქვენ დაუჭერთ თუ არ დაუჭერთ მხარს, ეგ არის თქვენი საქმე. იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, ეკონომიკის კომიტეტი ვადით დარღვეულ ამ საკითხს როდის შეიტანს დღის წესრიგში? უკვე ვადები გავიდა, 2 დეკემბერს უნდა მომხდარიყო წამყვან კომიტეტზე პირველი მოსმენით განხილვა. თქვენ მოუწოდებთ სხვა ადამიანებს კანონის დაცვისკენ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა კომიტეტები არღვევენ პარლამენტის რეგლამენტს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მომავალ კვირაში არის საკომიტეტო მოსმენები და ინიციატივის განხილვა შესაძლებელი იქნება.
„ეს იყო პლენარული კვირა. როგორც მოგეხსენებათ, კანონპროექტების განხილვა პლენარული სასესიო კვირაში არ შეიძლება, ამიტომ გთხვოვთ, საკომიტეტო კვირაში მოელაპარაკოთ კომიტეტების თავმჯდომარეებს და განიხილოთ ეს საკითხი. ვინაიდან ინიციატივა არის დაყენებული, ვადებში შესაძლებელია მისი განხილვა და სესიის დახურვამდე, მე ვფიქრობ, კომიტეტები მოასწრებენ ამის გაკეთებას“, – განაცხადა არჩლ თალაკვაძემ.
ლევან გოგიჩაიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც უპასუხა.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის სავალდებულო კომიტეტი. შესაბამისად, ზედმეტი განცხადებების გარეშე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. შევთანხმდეთ, პრობლემას ვერ ვხედავ, შესაძლოა, ჩაინიშნოს შეთანხმების შემთხვევაში. თუმცა ის, რომ ვინმემ რეგლამენტი დაარღვია, არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. რეგლამენტის შესაბამისად ვმოქმედებთ, რეგლამენტი გვაძლევს შესაძლებლობას, თუ საჭიროა დამატებითი კონსულტაცია, ვადა გადავწიოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.