„აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებში გასაგზავნი პირველი ტვირთი უკვე მზად არის
ფართომასშტაბიანი კამპანიის – „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად უკვე მზად არის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია შეიფუთა და სატვირთო მანქანებში ჩატვირთულია. პირველი ტვირთი ამ დღეებში გაიგზავნება. ეს არის პირველადი საჭიროების პროდუქტები, მედიკამენტები, ბავშვთა კვება, ბავშვთა ტანსაცმელი და სხვა საჭირო პროდუქცია. დიდი მადლობა ქართულ კომპანიებს ასეთი აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
უწყების ცნობით, კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“, რომელიც მთავრობის ინიაციატივით სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გრძელდება. სურვილის შემთხვევაში კომპანიებმა უნდა შეავსონ ფორმა: bit.ly/3hnb8oL. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, დარეკონ ნომერზე – 1525.