სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები კვლევით კომპანიებთან შეხვედრას გამართავენ
18 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები კვლევით კომპანიებთან ვიწრო ჯგუფურ შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
„შეხვედრა, რომელიც კომპანია ACT-ს ოფისში ჩატარდება, ეფუძნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მიერ განხორციელებულ ერთობლივ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა ბიზნეს საკონსულტაციო სექტორში არსებული კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საფუძველზე.
კვლევის შედეგად კომპანიებმა მოახდინეს რიგი აქტივობების იდენტიფიცირება, რომლებიც მათი ხედვით ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
18 დეკემბრის ღონისძიებას 15-მდე კომპანია დაესწრება, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ კვლევითი მიმართულებით ან მათი საქმიანობა ფარავს კვლევით კომპონენტს. კომპანიები საკუთარ ხედვებსა და საჭიროებებს გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.
შეხვედრის უმთავრეს მიზანს სერვისების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს, რადგან აღნიშნული სექტორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
შეხვედრა ასევე მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობას, ადგილობრივი სერვისის კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას“, – აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციაში.