„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ჯამურად მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა
„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან მხარდაჭერილია 422 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. ამის შესახებ პირველ არხს სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯამური ინვესტიციიდან კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა 552 მლნ ლარზე მეტია.
„აწარმოე საქართველოს“ პროექტები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით მხარდაჭერილია 268 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 630 მლნ ლარს შეადგენს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით – 17 პროექტი, ჯამური ინვესტიციით 117 მლნ. ლარზე მეტი. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება – 69 პროექტი, ჯამური ინვესტიცია 189,9 მლნ. ლარი.
ამასთან, კომპონენტის – სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება, საერთაშორისო ბრენდის გამოყენება ფარგლებში მხარდაჭერილია 4 პროექტი, რომელთაგან 3 ბენეფიციარი ასევე სარგებლობს სასესხო კომპონენტით. ქონების მიმართულებით მხარდაჭერილია 104 ბენეფიციარი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 159 მლნ. ლარზე მეტს.
„აღნიშნული 104 ბენეფიციარიდან 69-ამ ისარგებლა მხოლოდ უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის კომპონენტით და ლარად გადაცემული ქონების სანაცვლოდ განახორციელებენ ჯამში 95,5 მლნ. ლარზე მეტ ინვესტიციას და შექმნიან 2 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, ხოლო დარჩენილმა 35-მა კომპანიამ დამატებით ისარგებლა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსებთან ხელმისაწვდომობის კომპონენტით“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტში 2015-2017 წლებში მხარდაჭერილია 5 313 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 38 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარამდეა, სადაც ჯამში დაფინანსებულია 8 412 ბენეფიციარი.
რაც შეეხება კინოინდუსტრიის განვითარებას, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2014 წლიდან გაფორმებულია ხელშეკრულება 18 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 9 პროექტი დასრულდა და 9 პროექტი მიმდინარეა. საერთო ჯამში, საქართველოში განსახორციელებული პროექტების ინვესტიცია შეადგენს 36,5 მლნ. ლარზე მეტს, ხოლო მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა – 32,1 მლნ ლარს.
სააგენტოს ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 2014 წლიდან მხარდაჭერილი პროექტებით ჯამში 16 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.