ავტოსადგურებისთვის 2020 წლიდან შესაძლოა, ლიცენზირების პირობები გამკაცრდეს
2020 წლის დასაწყისიდან ავტოსადგურებისთვის შესაძლოა, ლიცენზირების პირობები გამკაცრდეს. ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.
მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ავტოსადგურებს მთელი რიგი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ. ავტოსადგურები სამ კატეგორიად დაიყოფა. ყველაზე მკაცრ რეგულაციას პირველი კატეგორიის ობიექტები დაექვემდებარება, რომლებიც დიდ ქალაქებში იქნება განთავსებული. კერძოდ, ამ ტიპის ავტოსადგურებში იქნება სპეციალური საინფორმაციო ოთახი ტურისტისთვის, სადაც უცხოელი ვიზიტორი ინგლისურ ენაზე მიიღებს მისთვის საჭირო ნებისმიერ ინფორმაციას.
ერთიან სივრცეში განთავსდება მოსაცდელი დარბაზი და სველი წერტილი. ასევე ამოქმედდება ონლაინდაჯავშნის სერვისიც. ტურისტებისთვის ცალკე სივრცის არსებობა სავალდებულო არ იქნება მეორე-მესამე კატეგორიის ავტოსადგურებისთვის, რომლებიც შედარებით მცირე ქალაქებში მდებარეობს. მათ მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ჰიგიენური, ასევე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა მოეთხოვებათ.
რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, მიკროავტობუსები სპეციალური განრიგის მიხედვით იმოძრავებენ. ავტომობილები, რომლებშიც სკამებს დაამატებენ ან დარღვეული იქნება სანიტარული ნორმები, რეისზე ვერ გავლენ. აიკრძალება მგზავრთა მომსახურება ავტოსადგურის ტერიტორიის გარეთ. დარღევებისთვის ჯარიმები დაწესდება როგორც ადმინისტრაციაზე, ისე მძღოლებზე. კონტროლის პროცესში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთვება, თუმცა ფინანსური სანქციების მოცულობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში. ასევე საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება. ამავე საკანონმდებლო აქტში ვგეგმავთ ცვლილების განხორციელებას. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილების პროექტი. სანამ წარვადგენდეთ პარლამენტში, ვგეგმავთ, რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ არასამთავრობო და კერძო სექტორთან. ამის შემდეგ, ერთ-ორ თვეში გადავგზავნოთ პარლამენტში.
სპეციალური სტანდარტები იქნება ჰიგიენის, კომფორტის, უსაფრთხოებისა და ამის კონტროლის მექანიზმიც ჩაიდება. ასევე „ტახომეტრები“ გვინდა ამოქმედდეს, რომ არ იყოს მძღოლი გადაღლილი, დავუშვათ არ უწევდეს ერთი დღის განმავლობაში რამოდენიმე რეისის შესრულება, რასაც შესაძლოა, ადამიანი ვერ იტანდეს და გადაღლილი მძღოლი არის საფრთხე მგზავრებისთვის და სხვისთვის.
უნდა დავარეგულიროთ რეისების განრიგი, უნდა არსებობდეს განრიგით გასვლა და არა ე.წ შეივსება და გავიდა. ამის აღმოსაფხვრელად გვსურს, კონკრეტულ საათზე იყოს მიბმული კონკრეტული რეისი.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სადგურის ადმინისტრაციას დაევალება, მას ვისაც სურს, რომ მოაწყოს სადგური. ან არსებული სადგური ვისაც აქვს, ახალი სტანდარტებით მოუწევს გადააკეთოს და მოიყვანოს ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში“, – განუცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 150-მდე ავტოსადგურია. აქედან 27 დედაქალაქში მდებარეობს.